28-07-2023
ექსპერტი ანდრია გვიდიანი ჩინეთში საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი და სი ძინპინთან შეხვედრა, ქართულ დიპლომატიაში ერთ-ერთ საკვანძო ეტაპს წარმოადგენს.
„ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი და მისი სი ძინპინთან შეხვედრა, ქართულ დიპლომატიაში ერთ-ერთ საკვანძო ეტაპს წარმოადგენს. ჩინეთი მსოფლიოში რიგით მეორე ეკონომიკაა, ხოლო გლობალურ ექსპორტში - პირველი. შესაბამისად, დღეს ჩინეთი არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე ანგარიშგასაწევი ქვეყანაა მსოფლიოში.
ცხადია, ამ დროს ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი, დახვედრის ცერემონიიდან დაწყებული, ერთობლივი განცხადებებით გაგრძელებული, მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამს. ამას ადასტურებს იცის, რომ 2017 წელს საქართველო იყო პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევბროპისა და შუა აზიის რეგიონში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა.
შესაბამისად, ჩინეთი არის მესამე ქვეყანა საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის. ხოლო, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების არსებობის ფონზე, ჩინეთი არის პირველი ქვეყანა საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის კუთხით. ზოგადად, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ირგვლივ არსებული ყველა მაჩვენებელი ადასტურებს იმას, რომ ეს არის რეალური, პარტნიორობა, რომელსაც ხელშესახები ბენეფიტები მოაქვს საქართველოსთვის. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩინეთს საქართველოში უდიდესი ეკონომიკური ინტერესები აქვს, რაც გლობალურ ინიციატივა - „ერთი გზა, ერთი სარტყელით“ არის გამოხატული.
ამ გლობალურ ინიციატივაში საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს და რეალურად გვეძლევა შანსი გავხდეთ აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ჰაბი. ბუნებრივია, ამ პროექტის განხორციელება ნიშნავს ლოგისტიკური თუ სატრანსპორტო ფუნქციების გაძლიერებას და სხვა უამრავ ბენეფიტს, რომელიც პირდაპირ მოიემსახურება საქართველოს ეკონომიკის თუ პოლიტიკური წონის გაძლიერებას. როგორც უკვე ვთქვი, ჩინეთი მთელი სამყაროსთვის უდიდესი ანგარიშგასაწევი ძალაა.
შესაბამისად, მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტად გაიზრდება საქართველოში ჩინეთის ინტერესები, მით უფრო გამყარდება საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიები. ასე რომ, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს და გაძლიერდეს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა“, - აცხადებს გვიდიანი.
16-11-2024
16-11-2024