გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ რექტორი ჯაბა სამუშია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 101 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

31-07-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა. თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ ფაკულტეტის დეკანთან და პროფესორებთან ერთად უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, ქართული ეკონომიკური სკოლის ფუძემდებლის, უნივერსიტეტის  ერთ-ერთი დამფუძნებლის ფილიპე გოგიჩაიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.

 

ფაკულტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით ცნობილი ქართველი ეკონომისტის, აკადემიკოს ირაკლი მიქელაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი საუკუნეზე მეტია არსებობს და ინარჩუნებს ლიდერობას რეგიონის მასშტაბით.
1918 წელს გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების სწავლებას საფუძველი ჩაეყარა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. აღნიშნულ ფაკულტეტთან, 1918 წელს ივანე ჯავახიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე, პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ეკონომიკური ფაკულტეტი.

 

ეკონომიკის ფაკულტეტს სათავეში ედგა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომელიც აღიარებულია საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებლად.      


1922 წლის 30 ივლისს, ივანე ჯავახიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის მეცადინეობით, თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი, რითაც საქართველოში დაიწყო ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

ფაკულტეტის საიუბილეო თარიღი ყოველი წლის 30 ივლისს აღინიშნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930