გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტებისგან განაცხადების მიღება დაიწყო

3-08-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება იმ სპეციალისტებისგან, რომლებიც ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაზე იქნებიან პასუხისმგებელი. მათი სრული სია სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდება და საჯარო იქნება. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება, სიაში წარმოდგენილ სპეციალისტს დაუკავშირდეს, რომელიც შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაში დაეხმარება.


კანდიდატებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მიღებული უნდა ჰქონდეთ უმაღლესი აკადემიური განათლება ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით: არქიტექტურა; მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია; მშენებლობის ინჟინერია; სამოქალაქო ინჟინერია, ან გააჩნდეთ სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5 წლის განმავლობაში ისეთი სპეციალობებით, როგორიცაა შენობების დიზაინი; ტექნიკური გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების დიზაინი, მონტაჟი ან მოვლა; სამშენებლო მოედნის მენეჯმენტი; უძრავი ქონების შეფასება; კადასტრის აზომვა; შენობებისთვის ენერგეტიკული გადაჭრის დიზაინი; ენერგიის მოხმარების მენეჯმენტის განხორციელება; ენერგომენეჯმენტი.


კანდიდატებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გააგზავნონ 2023 წლის 18 აგვისტომდე.


დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე - https://www.economy.ge/index.php?page=projects&s=49


აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1-ელი ივლისიდან მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია შენობა საქართველოს მთავრობის №354-ე დადგენილებით განსაზღვრულ ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. კერძოდ, იმისათვის, რომ შენობის დაპროექტების ეტაპზე სწრაფად და მოქნილად მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა ეროვნული პროგრამა, სადაც შენობის მონაცემების შეყვანის საფუძველზე გამომუშავდება შესაბამისობის დეკლარაცია. პროგრამა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://geecb.ge/


დადგენილება „შენობების, შენობების ნაწილების და შენობების ელემენტების მინიმალური მოთხოვნების შესახებ" ევროპარლამენტისა და საბჭოს შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ 2010 წლის 19 მაისის 2010/31/EU დირექტივისა და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ" კანონის საფუძველზე შემუშავდა. დადგენილება მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას შენობაში გათვალისწინებული კლიმატური პირობების შესანარჩუნებლად და სათბურის გაზის ემისიების შესამცირებლად. გარდამავალ ეტაპზე, აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ იმ ახალ შენობებზე, შენობის ნაწილებზე ან შენობის ელემენტებზე გავრცელდება, რომელთა ფართობი 50 კვ.მ -ს აღემატება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930