3-08-2023
საქართველოში ჩვენ იმავე სტანდარტებს რომ არ ვიყენებთ, რომლითაც ამერიკაში ექსპრეზიდენტ ტრამპის მიმართ ბრალდება იქნა წაყენებული, მგონი კარგია, თორემ, ჩვენი "სასიქადულო" ოპოზიციის დიდი ნაწილი პასუხისგებაში იქნებოდა მიცემული ზუსტად იმისთვის, რაც მათ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გააკეთეს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის წარდგენილი ბრალდებას და საქართველოში, 2020 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს შორის მსგავსებაზე საუბრისას განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ტრამპის ახალ ბრალდებასა და 2020 წლის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელის გავლება შეიძლება: რადიკალურმა ოპოზიციამ არ აღიარა არჩევნების შედეგები, დაეყრდნო ხმის პარალელური დათვლის (PVT) გაყალბებულ შედეგებს და იერიში მიიტანა ცესკო-ზე. მისივე განცხადებით, მართალია, ამის გამო, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას ბრალდებას არავინ წარუდგენს, თუმცა, მათ მორალური პასუხისმგებლობა მაინც უნდა იგრძნონ იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდათ.
"თუ გავავლებთ პარალელს და წავიკითხავთ ბრალდებას, რომელიც ტრამპს წაუყენეს, ზუსტად ერთი-ერთში იმეორებს იმ ფაქტებს და მოვლენებს, რომელიც საქართველოში განვითარდა: ოპოზიციამ უარი განაცხადა არჩევნების შედეგების აღიარებაზე, შემდეგ დაეყრდნო გაყალბებულ PVT-ის, რომლითაც უნდოდათ, საზოგადოებაში ბრაზი გამოეწვიათ, ვითომ არჩევნები გაყალბდა და ისინი ასევე თავს დაესხნენ დამოუკიდებელ ინსტიტუტს - გახსოვთ, ალბათ ცესკო-ზე შეტევა. შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთი-ერთში იმეორებს იმას, რაც ამერიკაში მოხდა და პარალელების გავლება თავისუფლად შეიძლება, თუმცა, საქართველოში სხვა სტანდარტია და ჩვენთან ამის გამო ბრალდებებს არ უყენებენ, მაგრამ მორალური პასუხისმგებლობა მაინც ყველამ უნდა იგრძნოს. ამ მორალურ პასუხისმგებლობას საზოგადოება დააკისრებს იმ პარტიებს, რომლებმაც ტყუილების გამო ეს ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში აყანყალეს და დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობდნენ" - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
16-11-2024
16-11-2024