7-09-2023
საქართველოს მთავრობის სტრატკომი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ პრემიერმინისტრი შვილთან ერთად აშშ-ში, თითქოს, ჩარტერული რეისით გაემგზავრა.
აღნიშნულია, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
“საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში, თითქოსდა, ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერმინისტრი, როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს, აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერმინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერმინისტრის მგზავრობის, ასევე, ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.