1-09-2018
მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა როგორც ადგილობრივებს, ისე დამსვენებლებს ჰპირდება, რომ მომავალ წელს მომსახურების პირობები გაუმჯობესდება, ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. რუსი დამსვენებლები სოციალურ ქსელებში წერენ:
“აფხაზებმა ვერ გაიგეს, რომ დასვენება მხოლოდ ზღვაში ცურვას არ ნიშნავს. იქ, სადაც ტურისტისთვის უსაფრთხოების ზომები არ არსებობს, სანაპიროზე ან პირდაპირ ზღვაში დახოცილი ცხოველი ყრია და მაწანწალა ძაღლები დარბიან, ადამიანი ვერ დაისვენებს და ასეთ პირობებში, ერთი ღამის გათევა ე.წ. საოჯახო სასტუმროში 1.500 რუბლი (60 ლარამდე) არ უნდა ღირდეს”.
ერთი სიტყვით, ძველი და ახალი პრობლემების გამო, რაც კრიმინალურ ფონს, მძიმე სოციალურ მდგომარეობას, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და დაბალ სამოქალაქო განათლებას გულისხმობს, რეგიონში ტურიზმის სეზონმა წელსაც არ გაამართლა. ამასთან, ყირიმის ხიდის გახსნამ რუსი დამსვენებლების აფხაზეთში ვიზიტი მკვეთრად შეამცირა… წელს აფხაზეთში იმაზე ცოტა ტურისტი ჩავიდა, ვიდრე ოდესმე. ცნობილია, რომ რეგიონს დასასვენებლად ძირითადად რუსები სტუმრობენ, მათ ემატებათ ბელორუსიიდან, სომხეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ჩასული ვიზიტორები.
მას შემდეგ, რაც ტურიზმზე დამყარებული იმედები თანდათან გაუცრუვდათ, ე.წ. ხელმძღვანელობა ახალ პროექტებზე ალაპარაკდა. აფხაზეთში”ჩაის ტურისტული მარშრუტის განვითარება ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნით გადაწყვიტეს – ჩაის პლანტაცია, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ჩაის მოკრეფა და ჩაის ქარხნის დათვალიერება.
“გვინდა ხალხი მივიყვანოთ ჩაის პლანტაციებში, რათა მათ თავად დაკრიფონ ჩაი, დაათვალიერონ ქარხნები და დააგემოვნონ იქვე წარმოებული საუკეთესო ჩაი” – განაცხადა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ. მოსახლეობა გაგულიას განცხადებას იუმორით შეხვდა და შეახსენა, რომ ბოლო წლებში რეგიონში არსებული ჩაის ფაბრიკებიდან კედელიც კი აღარ დარჩა და მის აშენებას მილიონობით დოლარი სჭირდება… ამასთან, აფხაზები მწარედ ხუმრობენ, რომ რეგიონში ისედაც ძალიან ცოტა აფხაზი დარჩა, უმრავლესობა სამUუშაოდ რუსეთში წავიდა, დარჩენილებს კი მხოლოდ მინისტრობა ან ოფისში სამსახური უნდათ…”
რამდენიმე დღის წინ აფხაზი პოლიტიკოსი სერგეი შამბა რუს ჟურნალისტთან აფხაზეთსა და აჭარას შორის ტურიზმის განვითარების განსხვავებაზე საუბრობდა. მისი თქმით, დროა, დიალოგსა და საერთო მომავალზე დავიწყოთ ფიქრი. “მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად. ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ დროა, დიალოგსა და საერთო მომავალზე დავიწყოთ ფიქრი. ჩვენ გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, თუმცა ის დიდწილად პოლიტიკური კონფლიქტი იყო… ჩვენ მეზობელი ერები ვართ და ვიყოთ მეზობლები, ჩვენი ბედისწერაა. მეზობელ ერებს შორის ყოველთვის იყო ომები, ევროპაშიც კი… საქართველოს მთელი მსოფლიო ეხმარება: ევროპა, აშშ, ისინი დაინტერესებული არიან ინვესტიციების ჩადებით. ჩვენ კი ორიენტირებული ვართ მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე”.
16-11-2024
16-11-2024