გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები“ იმართება

13-09-2023

უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემები და ანალიზის მონათესავე საკითხები, მათემატიკური მოდელირება და გამოთვლითი მათემატიკა, დისკრეტული მათემატიკა და ალგორითმების თეორია, ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა - ამ თემების განსახილველად და სამეცნიერო სიახლეების გასაზიარებლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, მკვლევრები გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და რუმინეთიდან შეიკრიბნენ. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.


მათივე ცნობით, მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „გამოყენებითი მათემატიკის თანამედროვე პრობლემები" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 105-ე წლისთავის და თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსების 55-ე წლისთავს ეძღვნება.


„თსუ-ში შეკრებილ მეცნიერებს თსუ-ს რექტორის მოადგილემ, ნინო ოკრიბელაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციების ჩატარება საქართველოსა და უცხოელ მეცნიერებს შორის არსებული სამეცნიერო და, ასევე, პირადი კავშირების შენარჩუნებას, გაფართოებას და გაღრმავებას ხელს უწყობს. ასევე, მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი სამეცნიერო ინტერესები უშუალოდ ერთმანეთს გააცნონ და საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდა მკვლევრებს ამგვარი ინტერესები გაუღვივონ და გაუფართოვონ. ყოველივე ამის შედეგად კი ჩვენი ქვეყნის მათემატიკოსების საერთაშორისო ცნობადობა იზრდება.


ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რუმინეთის აკადემიის სიმონ სტოილოუს მათემატიკის ინსტიტუტისგან, საპატიო დიპლომი გადაეცა.

საერთაშორისო კონფერენციების ამ სერიას საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა. წლევანდელი კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაიმართება. კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით იმართება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930