1-09-2018
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ინტერნეტ პორტალიArmenia.IM -ის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, სადაც ჟურნალისტი თბილისს სომხურ ქალაქად მოიხსენიებს:
„ნამდვილად სასაცილო და დასაცინია სომხების ისტორიული მიმთვისებლობა, ხან რუსთაველს რომ აცხადებენ სომხად და ხან ელისაბედ პირველს.
მაგრამ, აი, ვინ ვინ, და ქართველები რა ნამუსით დავცინით, ვერ გავიგე.
ერი ჩვენივე შექმნილი მითოსის ტყვეობაში ვცხოვრობთ (სკოლაშიც მითოლოგიზირებულ საქართველოს ისტორიას გვასწავლიან), რომ მსოფლიოს ჭიპი ვართ, მეორედ მოსვლისას ყველა ქართულად ილაპარაკებს, ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ (რაც ჩვენივე მართლმადიდებელი საეკლესიო დოგმატიკის თანახმად სისულელეა), რომ ყველაზე ლამაზი ბუნება გვაქვს და ბორჯომი მსოფლიოს საუკეთესო მინერალური წყალია.
ჰელიოცენტრული სისტემა ლამის გეორგიაცენტრულად გამოვაცხადოთ და სომხებს დავცინით, რომლებიც, თუ გაინტერესებთ, პირველი ქრისტიანი ერია მსოფლიოში (სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა პირველად სომხეთში გამოცხადდა), რომის პროვინცია იყო თავისი მმართველით (ჩვენ - არასდროს), კილიკიაში უზარმაზარი სამეფო ქონდათ და დიდი არმენია საქართველოს ისტორიულად მაქსიმალურ ტერიტორიას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
უდიდესი და უძველესი კულტურის ხალხია (ისევე, როგორც ჩვენ. თუმცა, ჩვენ რუსთაველი გვყავს და კოსმიური ხალხური მრავალხმიანობა გვაქვს :)ჩვენზე უკეთესად ვაჭრობენ, ბატონო, ნამდვილად, და ეთნიკურად სომეხი ბურჟუაზიის გაშენებულია, თუკი რამე ლამაზია თბილისში.
ხოდა, ახლა მოუსმინეთ ამ გოგოს ბლოგს, სადღაც, შესაძლოა, არაკორექტულს, მაგრამ ჯამში სრულიად ნორმალურს და კეთილგანწყობილს, და მერე ჩახედეთ ქართველების ფაშისტურ კომენტარებს. პირადად მე, სირცხვილით დავიწვი“ - წერს ნიკა გვარამია.
16-11-2024
16-11-2024