1-09-2018
რიკოთის უღელტეხილზე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობას იაპონია 343 მილიონი დოლარით დააფინანსებს. შესაბამის შეთანხმებას ხელი თბილისში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს მოეწერება ხელი.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ტარო კონო პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
„ვიზიტის ფარგლებში, ნოტების გაცვლის გზით, გაფორმდება შეთანხმება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, იაპონიის მთავრობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Japan International Cooperation Agency, JICA) მეშვეობით გამოყოფს 38.735.000.000 იაპონური იენის ოდენობის დაფინანსებას (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი) ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ.) მშენებლობისთვის“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტარო კონო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 4-5 სექტემბერს ეწვევა. სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის იაპონიის მხრიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში.
16-11-2024
16-11-2024