18-09-2023
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ლასლო კოვერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ისეთ სექტორებს, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ.
ვიცე-პრემიერმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მაღალ ხარისხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, განაგრძოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების პროცესი. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, რეგიონში არსებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და სხვა დადებით მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომლითაც საქართველოს გავლით, სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა, ევროკავშირისას დაუკავშირდება. ითქვა, რომ საქართველო და უნგრეთი, როგორც პროექტის მონაწილე ქვეყნები, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს სტრატეგიული პროექტი დროულად განხორციელდეს.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ავიაკომპანიის WizzAir-ის საქმიანობა საქართველოში. ყურადღება გამახვილდა ქუთაისის აეროპორტში უნგრული ავიაკომპანიის მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატების საკითხზე. ითქვა, რომ 2023 წლის პირველი დეკემბრიდან დაგეგმილია ავიაკომპანიის მეოთხე ბაზირებული ხომალდით ოპერირების დაწყება ქუთაისის აეროპორტში 1 (ერთი) ახალი ევროპული მიმართულებით - კოპენჰაგენი, რის შედეგადაც ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირებული მიმართულებების ჯამი 28-ს შეადგენს, მათ შორის, 20 მიმართულება ბაზირებული საჰაერო ხომალდით შესრულდება.
შეხვედრაზე უნგრეთის დელეგაციის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ უნგრეთი მზად არის, გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს და ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი და უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო.
16-11-2024
16-11-2024