3-09-2018
ბელარუსის ტელეარხის «СТВ - Столичное телевидение»-ს პროგრამა «Неделя»-ს კორესპონდენტი იულია ოგნევა მინსკში გამართულ „თბილისობის“ ზეიმზე სტუმრად მყოფ თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდა და მას ინტერვიუ ჩამოართვა. ინტერვიუში კახა კალაძემ ისაუბრა ქართველი და ბელორუსი ხალხების საერთო ფასეულობებზე, დაძმობილებული ქალაქების - მინსკისა და თბილისის თანამშრომლობაზე და სხვა საკითხებზე.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
- ბატონო კახა, ისე სწრაფად დადიხართ, ძლივს დაგეწიეთ... დღეს თქვენს მიმართ ყველა მეტ ყურადღებას იჩენს. თქვენი აზრით, რამდენად ადვილია მერობა, საფეხბურთო გამოცდილების გათვალისწინებით?
- ჩემს დღევანდელ თანამდებობას რაც შეეხება, ეს ჩემთვის ძალზე საპასუხისმგებლო მიმართულებაა. თბილისში 1,5 მილიონი მცხოვრებია. ისევე როგორც ყველგან, საქართველოს დედაქალაქშიც საკმაოდ ბევრი პრობლემაა, თუმცა არის ასევე ბევრი საინტერესო პროექტიც, რომელთა განხორციელებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვაპირებთ. მოკლედ, უდიდესი პასუხისმგებლობაა.
- რამდენად ხშირად სტუმრობდით მინსკში? პირველად ხართ?
- მინსკში მრავალჯერ ვარ ნამყოფი. პირველად მაშინ, როცა „მილანში“ ვთამაშობდი, შემდეგ კი, ენერგეტიკის მინისტრობის დროს რამდენჯერმე ვიყავი ჩამოსული. ძალიან მიყვარს თქვენი ქალაქი, დიდ პატივს ვცემ ბელარუს ხალხს. მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხებს და დედაქალაქებს შორის ასეთი თბილი ურთიერთობაა. აი, მინსკში „თბილისობას“ ავღნიშნავთ. მშვენიერი ამინდია, ქუჩებში უამრავი ხალხია გამოსული. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, მინსკის მერს ანდრეი შორეცს იმისთვის, რომ ჩვენ, [ქართველებს], ბელარუსებთან ერთად, ასეთი მშვენიერი დღის აღნიშვნის შესაძლებლობა გვაქვს.
- ხალხი მართლაც ბევრია, „თბილისობა“ ნამდვილად მშვენიერი დღესასწაულია, რომელიც ჩვენთან უკვე მეოთხედ ტარდება. როგორ შეაფასებდით მის მასშტაბს?
- ჩემი აზრით, ყოველწლიურად მატულობს და ფართოვდება. კარგია, რომ უკვე მეოთხედ ერთად ვზეიმობთ. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ თბილისში მინსკის დღეები ჩავატარეთ. ჩვენთანაც დიდი ინტერესია ბელარუსის მიმართ. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ხალხები ერთმანეთს პატივს სცემენ.
- თუმცა ეს მაინც კულტურული ღონისძიებაა. შეგიძლიათ გვითხრათ, რა ეკონომიკურ პროექტებზე ამახვილებთ ყურადღებას? იმის გათვალისწინებით, რომ მინსკი და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია...
- რა თქმა უნდა. ჩვენ ეკონომიკურ ურთიერთობებში სხვადასხვა მიმართულებებს განვიხილავთ - სოფლის მეურნეობის დარგში, ტურიზმში... სხვათა შორის, მარტში, როცა მინსკის დელეგაცია თბილისში იყო ჩამოსული, ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს სხვადასხვა მიმართულებებით თანამშრომლობის თაობაზე. საერთოდ კი, ბელარუსებს საქართველოში ხელგაშლილად ვიწვევთ: ჩამოდით ჩვენთან, ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და მეგობრულად შეგხვდებით. ვფიქრობ, თქვენ ძალიან მოგეწონებათ საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი.
წყარო: «СТВ – Столичное Телевидение» (ბელარუსი)
-------------------------------------------
ტელეარხ «СТВ - Столичное телевидение»-ს პროგრამა «Неделя»-ში ასევე გადაიცა ორი ვიდეოსიუჟეტი საქართველოს შესახებ: პირველი სათაურით „აჭარა - მიმზიდველი ადგილი - ხალხიც და ბუნებაც“ ეხება საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ურთიერთობებს: ბელარუსიდან ჟოლოსა და ლურჯი მოცვის ნერგების წარმატებულ ექსპორტს და ამ კულტურების გაშენებას აჭარაში, საცხოვრებელი ბინების შეძენას ბათუმში (წყარო: http://www.ctv.by/novosti-gruzii/ ocharovatelnoe-mesto-chto-priroda-chto-lyudi-chto-privlekaet-belorusov-v-gruzii-i-kak), ხოლო მეორეში სათაურით - „როგორ ცხოვრობენ ბელარუსები საქართველოში“ - გადმოცემულია ქართველ შუქრი დუმბაძისა და ბელარუსი ქალის თამარ ჟაკოვას ოჯახის ისტორია, მათი შვილებისა და შვილიშვილების საქმიანობა... ცოლ-ქმარი სულ მალე „ბრილიანტის ქორწილს“ გადაიხდის (წყარო: http://www.ctv.by/novosti-gruzii/kak-zhivyot-v-gruzii-beloruska-kotoraya-mnogo-let-nazad-pereehala-v-adzhariyu-iz).