21-09-2023
საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო განცხადებამ ქართული წარმოშობის ზოგიერთი უკრაინელი ოფიციალური პირი საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დააკავშირა. კერძოდ, ფიქრობენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და უკრაინის კონტრდაზვერვის მეთაურის ამჟამინდელი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, შემოდგომაზე საქართველოში შესაძლო შიდა პოლიტიკურ არეულობაში შეიძლება იყოს გარეული. მოსალოდნელი არეულობის მიზანი მთავრობის შეცვლას უკავშირდება. ამასთან, ამ სცენარის შემუშავებასა და დაგეგმვაში, სავარაუდოდ, უცხოური ფინანსებიცაა ჩართული.
უკვე მეორედ, უკრაინის მაღალი დონის ოფიციალური პირი ქართული სახელმწიფოს მიერაა დადანაშაულებული. პირველად, ზუსტად ორი წლის წინ, ლორთქიფანიძემ, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში უკანონო გამომგზავრება დააორგანიზა.
უკრაინელები ქართველების უახლოესი ერია. რუსული ოკუპაციისა და ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგის არქონით გამოწვეული უსაფრთხოების მძიმე ვითარების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ და ხალხმა მძლავრი პოლიტიკური მხარდაჭერა, გულუხვი მატერიალური დახმარება და ჰუმანიტარული თავშესაფარი შესთავაზა უკრაინელ დებსა და ძმებს. ამ ფონზე, უკრაინის მთავრობის ზოგიერთი ქმედება ეწინააღმდეგება ლოგიკასაც და ძმური ურთიერთობების საერთო ისტორიასაც.
პარადოქსი, რომელიც გამოიხატება დაძაბულ პოლიტიკურ ურთიერთობებში ისტორიული მნიშვნელობის კატაკლიზმის პირობებში, დამაბნეველია. დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში ჩვენს შორის პოლიტიკური ურთიერთგაგებისა და ჩვენს ხალხებს შორის გულითადი ურთიერთობების ისტორიის გათვალისწინებით, დამოუკიდებლობისათვის ჩვენი საერთო ბრძოლა კოორდინირებული, სტრატეგიული და მომავალზე გათვლილი უნდა იყოს. ბევრი თვალსაზრისით, საქართველო წინმსწრები და წინამორბედიც კი იყო იმისა, რაც 2014 და, განსაკუთრებით, 2022 წლის თებერვლის მერე დატრიალდა უკრაინაში. ქართველებმა უკეთ ვიდრე სხვამ ვიცით, თუ როგორი მწარე და მტკივნეულია უცხოური აგრესია და უკანონო, თუნდაც დროებითი ოკუპაცია. ჩვენ დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა რუსეთთან სამ გამოუცხადებელ ომში და გავუძელით ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ფარულ ომს ე.წ. ჰიბრიდული მეთოდებით, რომლებიც საბჭოთა სახელმძღვანელოებიდან იქნა ადაპტირებული.
ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში გაუგებრობა არ წარმოშობილა ბოლო ორიოდე წელიწადში. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე, უკრაინის მთავრობები, ერთმანეთის მიყოლებით იფარავდნენ გაქცეულ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც სერიოზული დანაშაულებისთვის იძებნებოდნენ საქართველოს მიერ. ყველაზე ცნობილი მათ შორის სააკაშვილის შემთხვევაა, რომელმაც ქართული პასპორტი უკრაინის მოქალაქეობაზე გაცვალა, ოდესაში სარგებლიანი გუბერნატორობა მიიღო და გამუდმებით ურევდა პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში. უკრაინის მთავრობამ ასევე შეიფარა სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად ახალი პოლიტიკური სკანდალის ცენტრში მოექცა.
სამივეს სერიოზული ბრალდებები ჰქონდა წაყენებული ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორებიცაა მასობრივი ძალადობის, ბიზნესის რეკეტის, გატაცების, ციხეებში წამების, ძალით გაკოტრების, ცემის, საკუთრების უკანონო და ძალადობრივი წართმევის, სახელმწიფო თანხების გაფლანგვის და, ბოლოს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეებია. ეს ბრალდებები კარგად დოკუმენტირებული და დასაბუთებული იყო, მაგრამ სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე არამცთუ თავისუფლად ცხოვრობდნენ უკრაინაში, არამედ მაღალი სახელმწიფო თანამდებობებიც კი მიიღეს, შესაბამისად, უკრაინის რეფორმების სახელმწიფო საბჭოში (რომელსაც სააკაშვილი დღემდე ოფიციალურად ხელმძღვანელობს), პროკურატურასა და კონტრდაზვერვის სამსახურში. არც ერთი მათგანი არ გადმოუციათ საქართველოსთვის, ბევრი მოთხოვნის მიუხედავად.
გარდა ამისა, უკრაინელი ოფიციალური პირების ქართულ პოლიტიკაში ჩარევის სხვა შემთხვევებიც გვახსოვს. დამნაშავეების შეფარების გარდა, უკრაინელი თანამდებობის პირები და დიპლომატები, საჯარო განცხადებებში, ცდილობდნენ რიტორიკულად გაემიჯნათ ერთმანეთისაგან საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი. არამეგობრული და არაპროვოცირებული ჟესტი იყო უკრაინის ელჩის გაწვევა თბილისიდან რუსეთის შეჭრიდან ცოტა ხნის შემდეგ; ხოლო ერთი წლის შემდეგ კი საქართველოს ელჩის ფაქტობრივი გამოძევება კიევიდან, რამაც დამატებითი საწვავი მისცა რადიკალური ქართული ოპოზიციის ძალადობრივ დღის წესრიგს. მეტიც, უკრაინის მთავრობას არასოდეს უარუყვია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, დანილოვის, გამაოგნებელი განცხადება: “საქართველო და სხვები საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ ყოფილიყვნენ დაკავებულნი… ეს ჩვენ ნამდვილად დაგვეხმარებოდა, რადგან მათ [რუსებს] სხვა რამეც ექნებოდათ საკეთებელი, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების დანგრევის, ჩვენი ბავშვებისა და ქალების დახოცვის გარდა“.
ქართულ-უკრაინული ურთიერთობები სტრატეგიულია და ასეც უნდა იყოს. ესაა საქართველოს მთავრობის პოზიცია, პოლიტიკური კამათის მიუხედავად. ჩვენ მხარს ვუჭერდით უკრაინას საგარეო აგრესიის ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებით 2014 და, მით უმეტეს, 2022 წლის თებერვლის შემდეგ. და მაინც, მოწმენი გავხდით უკრაინული მხარის მიერ სტრატეგიული საკითხების პოლიტიკურთან განზრახ და მიზანმიმართულად აღრევისა. პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვის მაღალი დონის ოფიციალური პირების სააკაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფ რადიკალურ ქართულ ოპოზიციასთან პირადმა კავშირებმა კიდევ უფრო გააუარესა პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის მომხრეთა ქმედებები ძალიან წააგავს რუსეთის საყვარელ ტაქტიკას, რომელიც ქართული საზოგადოების დაყოფასა და დაზიანებას ითვალისწინებს. ეს ტვირთი კიდევ უფრო ამძიმებს სირთულეებს, რომლებიც რუსული ოკუპაციითა და გამუდმებული პოლიტიკური და სამხედრო წნეხითაა განპირობებული.
ჩვენ და უკრაინელ ხალხს საერთო მიზანი გვაქვს. ჩვენ, როგორც არასდროს, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ წინსვლა გვაერთიანებს. ეს ჩვენი საერთო ინტერესების სტრატეგიული ღერძია. ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევა, რომელიც ამ სტრატეგიულ ღერძს ასუსტებს, მიუღებელი, უღირსი და, უბრალოდ, არასწორია. ჩვენ ერთმანეთის დახმარებაზე და არა დაუძლურებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ“, - წერს პაპუაშვილი.
16-11-2024
16-11-2024