23-09-2023
„მძიმე თემაზე გვიწევს საუბარი. კიდევ ერთხელ გვიწევს ამ ტრაგედიის, სტიქიის გახსენება. კიდევ ერთხელ გამოვხატავ სამძიმარს დაღუპული ადამიანების გამო, მათი ოჯახის წევრების მიმართ. ზოგადად სტიქია, ტრაგედია არის ისეთი რამ, რაც უნდა აერთიანებდეს ყველას- ქვეყანას, ხალხს, პოლიტიკურ პარტიებს. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ცდილობენ ტრაგედიაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენონ, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. პრაქტიკულად არსად ხდება ასეთი რამ“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შოვის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, არ ახსენდება მსოფლიოში შემთხვევა, (ერთის გარდა) როდესაც სტიქია და ტრაგედია ქვეყნის პოლიტიკურ ჯგუფებს სპეკულაციებისთვის გამოეყენებინათ ისე, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს.
„სამწუხაროდ სტიქიებით დატვირთული იყო სამყარო გასული წლის განმავლობაში. მათ შორის აშშ-ში, ჰავაიზე იყო ტყის ხანძარი, არის უზარმაზარი მსხვერპლი. დამონტაჟებული იყო გაფრთხილების სისტემა, მაგრამ არ ამოქმედდა, ასეთი რაღაცები ხდებოდა. ამერიკის პრეზიდენტი ჰავაიზე ორი-სამი კვირის თავზე ჩაფრინდა, არავის უფიქრია, რომ სპეკულირებისთვის გამოეყენებინა ეს ყველაფერი და პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომა მოეთხოვა.
გერმანიაში ორი სამი წლის წინ ძალიან დიდი წყალდიდობა მოხდა, რომელსაც შეეწირა დაახლოებით ორასი ადამიანი, ბელგიაში ორმოცზე მეტი ადამიანი და ა.შ. პოლიტიკურ პარტიებს არსად გამოუყენებიათ ეს საკითხები სპეკულირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის პროგნოზირებაც უფრო ადვილია ტემპერატურიდან გამომდინარე, წყალდიდობასაც იგივე შეეხება, აქ შეუძლებელი იყო პროგნოზირება. იქ ბევრად ადვილია პროგნოზირებაც, რეაგირებაც. არც ერთ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას, არავის უცდია, რომ იმ ქვეყნებში სპეკულაციებისთვის გამოეყენებინა ასეთი ფაქტები. თუმცა, გერმანიასთან დაკავშირებით , სტატია ვნახე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეაქციები ჰქონდათ პოლიტიკურ სუბიექტებს ამ სტიქიასთან მიმართებით. არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ უცდია სპეკულაციებისთვის ამ ტრაგედიის გამოყენება, რომელსაც ორასზე მეტი გერმანელი შეეწირა. თუმცა, იქაც არიან არასაპარლამენტო ძალები- ნეონაცისტები. მხოლოდ მათ სცადეს ამ ტრაგედიის გამოყენება საკუთარი ქულების დასაწერად. გერმანიაში ნეონაცები, საქართველოში- ნაცები, ეს არის რეალური სურათი. ზუსტად არის სტატიაში აღწერილი, როგორ ხდებოდა ტრაგედიის სპეკულაციებისთვის გამოყენება და იმავეს აკეთებდნენ აქაც ესენი [„ნაციონალური მოძრაობა“]. დეზინფორმაცია, ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ვრცელდებოდა ტრაგედიის მსხვერპლებთან, დაკარგულებთან დაკავშირებით. მილიონი დეზინფორმაცია გავრცელდა იმისათვის, რომ დაემძიმებინათ ის სურათი, რომელიც ისედაც მძიმე იყო. იქმნებოდა ალტერნატიული დახმარების ჯგუფები [გერმანიაში] და ზუსტად იმავეს აკეთებდა „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა. ჩადიოდა, საკვებს ამზადებდა, არადა საკვებით სრულად იყო უზრუნველყოფილი მაშველებისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის. ჰქონდათ მცდელობა, რომ დაზარალებულები გამოეყენებინათ ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის. ზუსტად იგივე რაც წერია ნეონაცებთან დაკავშირებით იმ სტატიაში, ამას აკეთებდნენ „ნაცები“ საქართველოში. ერთი-ერთში არის აღწერილი ნეონაცების ქმედებები და გეგონება, რომ „ნაცების“ ქმედებებს კითხულობ“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024