გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: აფხაზეთი და სამაჩაბლო შიდა სისხლიანმა დაპირისპირებამ დაგვაკარგვინა, იგივეს განმეორება სურთ დღესაც უცხო ძალებს

23-09-2023

"მჯერა, საქართველოს მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები,  სისხლიანი დაპირისპირების თითქმის ყოველდღიური მცდელობები, 90-იანი წლების ავბედით დღეებს გაახსენებს და იმოქმედებს ისე, რომ ჩვენს შეცდომებზე კვლავ სხვებმა არ მოითბონ ხელი," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

 

მისი თქმით, არც ჩრდილოელ მეზობელს და არც დასავლელ პარტნიორებს არ აწყობთ საქართველოს ხელისუფლებაში ეროვნული პოლიტიკის გამტარებელი  გუნდი და თუ ასეთი ხელისუფალი მოვა საქართველოს სათავეში, მაშინვე ბრძოლას იწყებენ მის წინააღმდეგ.

  

"საქართველოს ეროვნული პოლიტიკის გატარებას არ პატიობენ არც რუსეთიდან და არც დასავლეთიდან. 90-იან წლებშიც შიდა სამხედრო დაპირისპირება მაშინდელი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ასევე უცხოეთიდან იყო ინსპირირებული. არც ჩრდილოელ მეზობელს და არც დასავლელ პარტნიორებს არ აწყობდათ საქართველოს ხელისუფლებაში ეროვნული პოლიტიკის გამტარებელი  გუნდი და დაიწყეს მის წინააღმდეგ ისევ ქართველების ხელით ბრძოლა. შედეგად  მივიღეთ ძმათამკვლელი ომი და ტერიტორიების დაკარგვა.

 

მტერი ძლიერია მაშინ, როდესაც ქართველები ერთმანეთს ებრძვიან. ასე მოხდა მაშინაც - შუაზე გახლეჩილმა ქვეყანამ ვერ შეძლო ფრთხილი და გონივრული პოლიტიკის წარმოება აფხაზების და ოსების მიმართ, რომელთაც ზურგს უმაგრებდა რუსეთი. ბუნებრივია, რუსეთი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა და მოხდა ის, რაც მივიღეთ.

 

რა მოხდება დღეს, თუკი  უცხოეთიდან ისევ შეძლეს ქართველებს შორის სისხლიანი დაპირისპირება?

 

მოხდება ის, რაც მოხდა 90-იან წლებში - შიდა დაპირისპირების შედეგად,  მართვის სადავეებს ხელში აიღებს უცხოეთი და სრულად გააკონტროლებს საქართველოს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ  დასავლეთის იმ პოლიტიკურ სპექტრს, ვინც დღეს მართავს პროცესებს და ცდილობენ  ხელისუფლებაში დააბრუნონ მკვლელი რეჟიმის მესვეურები.

 

რას მიიღებს რუსეთი ამ შემთხვევაში?

 

მიიღებს დამატებით ტერიტორიებს, რომელზედაც დიდი ხანია თვალი უჭირავს. თუ დასავლეთი მის მიერ მართული პოლიტიკური ოპოზიციით შეძლებს საქართველოში შიდა სისხლიან დაპირისპირებას,  რუსეთი აუცილებლად ომს დაიწყებს და გვექნება კიდევ უფრო მეტი ოკუპირებული ტერიტორიები. ამ შემთხვევაშიც, ისე, როგორც 90-იან წლებში და ისევე, როგორც  2008 წელს, რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთში მორიგდებიან და საქართველო დარჩება კიდევ უფრო დაქუცმაცებული და უფლებადაკარგული.

 

ქართულ საზოგადოებას დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება სიფხიზლე და ახლო წარსულის მტკივნეული ფაქტების გახსენება, რომელიც ჯერ არ მოგვშუშებია. ჩვენ არ გვჭირდება სხვა ქვეყნის ქეისების განხილვა, ეს ჩვენი უახლესი ისტორიაა  ჩვენივე შეცდომებით. თუმცა, სამწუხაროდ, საკუთარ შეცდომებზე ჭკუას ვერ ვსწავლობთ.

 

ის პოლიტიკური სპექტრი, ვინც დღეს უცხოეთიდან მართავს პროცესებს ქართულ ოპოზიციაში, იმედია, მალე შეიცვლება. მათ საკუთარ ქვეყნებში საკუთარი მოსახლეობა უპირისპირდებათ, რადგან მცდარი პოლიტიკით უპირველეს ყოვლისა, ავნეს საკუთარ ხალხს.

 

ყოველი ახალი ეპოქის დასაწყისში ხელახლა გვიწევს არჩევანის გაკეთება ეროვნულ თვითმყოფადობასა და სრულ მორჩილებას შორის. დღესაც სწორედ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ. უცხო ძალები ცდილობენ ეს არჩევანი მათ სასარგებლოდ გაგვაკეთებინონ, ჩვენ კი ვცდილობთ ეს არჩევანი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გავაკეთოთ.

 

მჯერა, საქართველოს მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები,  სისხლიანი დაპირისპირების თითქმის ყოველდღიური მცდელობები, 90-იანი წლების ავბედით დღეებს გაახსენებს და იმოქმედებს ისე, რომ ჩვენს შეცდომებზე კვლავ სხვებმა არ მოითბონ ხელი," - წერს ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930