28-09-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან − ოთარ შამუგიასთან და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან − ლერი ბარნაბიშვილთან ერთად ღვინის კომპანიაში „ბადაგონი" იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა ქარხანა დაათვალიერა და „ბადაგონში" საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მეღვინეობა „ბადაგონი" 2006 წელს დაარსდა, რომელიც ფლობს 2 ქარხანას ახმეტასა და მანავში. კომპანიას 400 ჰექტარი ვენახები აქვს კახეთის ყველა მიკროზონაში. ის აწარმოებს ღვინოს, ცქრიალა ღვინოს და ჭაჭას; ასევე − წლიურად 12 მილიონ ბოთლს. „ბადაგონი" ოპერირებს მსოფლიოს 35 ქვეყანაში და ლიდერია როგორც შიდა ბაზარზე, ისე ექსპორტის მიმართულებით. კომპანია, სადაც დასაქმებულია 1000 კაცზე მეტი, წელს 10 000 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს. „ბადაგონი" ყურძნის შესაძენად აგროსესხით, 15 მილიონი ლარით, სარგებლობს. ასევე, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველო" ფარგლებში 2 500 000 ლარიანი სესხით ახალი საწარმოო ფართი აშენდა 3800 კვადრატულ მეტრზე. ამ ეტაპზე კომპანიას მოსახლეობისგან შეძენილი აქვს 7000 ტონამდე ყურძენი.
„ბადაგონში" პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
16-11-2024
16-11-2024