2-10-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმი „კულტურული მემკვიდრეობა-ტაოკლარჯეთი“ წარადგინა. ფილმი, რომელიც შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ერთობლივი პროექტია, დოკუმენტური სერიალის "ქართული კულტურული მემკვიდრეობა საზღვარგარეთ" ნაწილია.
ფილმის გადაღებები თურქეთის ტერიტორიაზე, ტაო-კლარჯეთში მიმდინარეობდა და მასში ათამდე ძეგლია შესული. სერიის თანაწამყვანია თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია. „მსგავსი სახის ფილმები მნიშვნელოვანია მეცნიერების პოპულარიზაციისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ არსებული ისტორიული ძეგლების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობისთვის, მათი დღევანდელი მდგომარეობის დაფიქსირებისა და შესწავლისთვის,“- განაცხადა რექტორმა.
ფილმის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი თემურ დოჭვირი, თსუ სტუდენტები, პროფესორები ესწრებოდნენ.
ფილმის ავტორის თომა ჩაგელიშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში მომზადდება ფილმები, ტაო-კლარჯეთზე, ისრაელზე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში შემორჩენილ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.