გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყანაა სიცოცხლისათვის, რომელშიც მე ვყოფილვარ“

4-09-2018

„საქართველო ერთერთი ყველაზე საშიში ქვეყანაა სიცოცხლისათვის, რომელშიც მე ვყოფილვარ“, — წერდა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მწერალი პაატა ქურდაძე ჯერ კიდევ გასული წელის ნოემბერში, რომელიც კომერსანტმა გამოაქვეყნა. თითქმის ერთი წელი გავიდა და პრობლემები, რაზეც მწერალი საუბრობს ისევ აქტუალურია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვახსენებთ მკითხველს და ხელისუფლების თვითოეულ წარმომადგენელს, ვისი პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა დასახელებულ საკითხებზე დაფიქრება და რეაგირება.



„ყოველთვის, როდესაც ქართველი ღირსშესანიშნავი ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ საქართველო ერთერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში, ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა ეკლესიური ვყოფილიყავი და მათი სულების გადასარჩენად დღე და ღამე მხურვალე ლოცვით საკუთარი ცოდვილი სულისთვის რაღაც შანსი მაინც მიმეცა...



საქართველო ერთერთი ყველაზე საშიში ქვეყანაა სიცოცხლისათვის რომელშიც მე ვყოფილვარ.



ის რაც ბათუმში მოხდა, მხოლოდ ერთერთი ეპიზოდია ხიფათისა და ფათერეაკების გრძელ რიგში, რომელში ცხოვრებაც გვიწევს. თითქმის არ არსებობს სფერო, რომელიც პოტენციურად საშიში არ იყოს - სახანძრო უსაფრთხოებიდან დაწყებული კვების პროდუქტებით დამთავრებული... მშენებარე ობიექტები, ავტომობილების სრულიად ქაოტური მოძრაობა.. მე ვიტყოდი ავტო -ტერორიზმი! არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობა, ჩახერგილი ტროტუარები..დაუცველი მშენებარე ობიექტები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართაობა და მათი სრულიად დანაშაულებრივი და დაუსჯელი ანარქია, უკიდურესად დაბინძურებული ჰაერი, ადამიანების განადგურებული ნერვიული სისტემა, მათი სისასტიკე, აგრესიულობა, ბოროტი და უსაფუძვლო ვერბალური აგრესია...რომელი ერთი ჩამოვთვალო! თუმცა - მარტო ღამის ხმაურის მაგალითი საკმარისი იქნებოდა ჩემთვის იმის დასადასტურებლად, რომ ყველაზე მთავარი მაინც კანონის და მისი აღმსრულებელი შესაბამისი სტრუქტურების გულგრილობა და არაკვალიფიციურობაა, მაგრამ არ მინდა ტენდეციურობაში ჩამომართვათ. ამის შესახებ სრულიად უშედეგოდ უკვე იმდენი ვიყეფე რომ მენანება ჩემი ნერვების საცოდავი ნარჩენები ამ სრულიად უიმედო პრობლემას დავახარჯო. მხოლოდ ერთს ვიტყვი - გროტესკული კანონი ხმაურის შესახებ და მისი კიდევ უარესი აღსრულების ფარსი, ჩემთვის იმ უამრავი პრობლემის ილუსტრაციაა, რომელებიც საქართველოში იმდენად ბანალური გახდა, რომ ყურადღებასაც კი აღარ ვაქცევთ და ვცხოვრობთ, უპერსპექტივო ზომბებივით.



ორი სამი მაგალითის მოყვანაც საკმარისია:




სულ რამდენიმე დღის წინ სრულიად ერი აღაშფოთა H&M ის მიერ ტროტუარის გადაკეტვამ. არავის გახსენებია, რომ ამ უზარმაზარი მშენებარე კომერციული ცენტრისგალერეის წინ თვეების მანძილზე მთელი ტროტუარი გადაკეტილია - ფეხითმოსიარულე ადამიანები რუსთაველის გამზირზე აწყვეტილი ავტომობილების გასწვრივ შეშინებულები დალასლასებდნენ , სანამ ახლახანს, ხსენებული სკანდალის წყალობით არ მიხვდნენ და დროებითი ბარიერები არ დააყენეს. ისიც ნაწილობრივ - ეს ერთგვარი ფოტო -დოკუმენტი, რომელიც ამ სახიფათო სტატუსს ახლავს ორი საათის წინ გადავიღე!



ეს ამბავი გამონაკლისის შემთხვევაშიც კი ძალიან საგანგაშოა! ქვეყნის ცენტრალურ ქუჩაზე, ქალაქის საკრებულოსა და პარლამენტს შორის სრულიად ღიად შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და დაადგინოთ საქართველოში ადამიანის სიცოცხლის საბაზრო ფასი, რომელიც სადღაც - ჩალისა და ჭიქა მზესუმზირის ღირებულების შორის მერყეობს.



ასეთ, სამშენებლო სარგებლობისათვის წლობით გადაკეტილ ტროტუარებს, სამწუხაროდ, უთვალავს ნახავთ თბილისში. განსაკუთრებით ძველ უბნებში. არც მშენებარე ობიექტების მეპატრონეები ეჩქარებათ სადმე, არც ქალაქის ხელმძღვანელობას. არავინ უწესებს სანქციებს - ბიზნესი ხომ წმინდაა და ის ქვეყნის განვითარებას ემსახურება! განვითარება და პროგრესი კი როგორც ცნობილია მსხვერპლს მოითხოვს, მხოლოდ.. სხვის მსხვერპლს, არა საკუთარს... ზუსტად ასე ფიქრობს ბიზნესსა და პოლიტიკას შორის საკუთარი მისიის ეგზისტენციალური ძიებით ქანცგაწყვეტილი ქართველ კანონმდებელთა დიდი ნაწილი. აი ისინი, რომლებიც იგონებენ კანონებს, რომლის მიხედვით - ისევ გუშინდელს თუ მივუბრუნდებით - სასტუმროს პატონს ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმებენ, დაღუპულ ადამიანებს წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს და ამით ვალს მოიხდიან ქვეყნის წინაშე.



ზუსტად იგივეა ხმაურის შემთხვევაში - რეციდივისტი მეპატრონე ბიუჯეტისთვის მეწველი ბერწი ძროხა ხდება, რომელიც ხანდახან ერთ ჭიქა რძეს იწველება...ასეთ ბერწ რესტორატორს სამასი ათას ევროდ ნაყიდ ლიცენზიას თავზე გადაახევდნენ დასავლეთში. ჩვენთან კი ლიცენზიების შესახებ ჯერ არც კი სმენიათ პარლამენტარებს - მათ ჯერათ, რომ ტაქსისტები, რესტორატორები, ქალაქის დამწიოკებელი კლუბები, მათ მიერ დადგენილი რამდენიმე ასეული ლარის შიშით და კანონის რიდით მოინანიებენ ყველა სისაძაგლეს რაც უკვე ჩადენილი აქცვთ და ჭეშმარიტების გზას დაადგებიან! მგონი მართლა გულწრფელად ჯერათ ამის! ამიტომ ჩვენ, უძილობისგან, ფსიქოპატიამდე მისულებს გვსაყვედურობენ, რა გინდათ, კანონი ხომ მივიღეთო ! ერთმა ასეთმა ვალმოხდილმა და გამოჩენილმა პარლამენტარმა უმადურობაც კი დამწამა ხმაურის შესახებ კანონის კრიტიკის გამო.



ჯარიმების სისტემა ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაზეა ორიენტირებული და არა ადამიანზე, მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, კომფორტზე და ღირსებაზე . ასე რომ არ იყოს არც მკვლელი ავტომობილების ტექ დათვალიერებას გადადებდნენ 2019 წლისთვის, არც ასე ადვილი იქნებოდა მოძრავი ბინძური კუბოების ტაქსებად ტრანსფორმირება,ელიავას ბაზრობაზე ხუთ ლარად ნაყიდი ყვითელი მოჭადრაკებული გირლანდის საშუალებით. არც ნებისმიერ ბინძურ სარდაფში .კვების ობიექტის გახსნა იქნებოდა შესაძლებელი ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე. არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვა სპეციალური ურთულესი მოძრაობის წესების ტესტის ჩაბარების გარეშე ...მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ბიზნესის ხელშეწყობის, ადამიანიების დასაქმების და ქვეყნის უანგარო აღმშენებლობის მოტივით ხდება! - დაავადებული და შეშინებილი ადამიანების ქვეყნის აღმშენებლობის...



როდესაც ყვითელი ავტობუსები და მარშუტკები შუა რუსთაველზე ერთმანეთს ეგონკავებიან პატრულის თვალწინ - და თქვენ შიგ იმყოფებით, არ უნდა შეშინდეთ - თქვენ სამშობლოს ემსახურებით - მის ეკონომიურ განვითარებას!... ხომ ხვდებით!.. შეიძლება ვიღაცამ გუშინწინ ათას ლარად ოპელი იყიდოს, გიშინ მართვის მოწმობა, დღეს მის მანქანაში აღმოჩნდეთ ბავშვებთან ერთად, ან თუნდაც მარტო... და თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლე ამ ახალბედა ულიცენზიო მძღოლის ხელში აღმოჩნდეს, რომელიც ლუკმაპურის საშოვნელად არის გამოსული.. რა ქნას საწყალმა ... ჭეშმარიტად გეუბნებით ! ქართველი მძღოლი ღმერთივით განაგებს თქვენს სიცოცხლეს! მძღოლს ებარებოდეთ!



კიდევ ბევრის თქმა შემიძლია თბილისის და ზოგადად საქართველოს ფათერაკებით აღსავსე საშიშ ცხოვრებაზე, მაგალითად მეორე წელი რომ არის, რაც ქვემო კალას უბანში ვცხოვრობ და ერთი პოლიციელი რომ არ მინახავს თვალით, რადგან მათი ნაცრისფერი ლიმუზინები ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებში არ ეტევა, ფეხოსანი, ამ მოტოციკლიანი.. (ველოსიპედზე, როლერებზე და საერთოდ ყველა შესაზლებელ მოძრავ საშუალებაზე რომელსაც დასავლეთში იყენებენ რომ არაფერი ვთქვათ) პოლიციელი კი, საერთოდ არსად შემხვედრია. მგონი სულ ორი მოტოციკლი ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ისიც უმაღლესი რანგის სტუმრების საპატიო ესკორტისთვის.. შემეძლო ჩემს განცდებზეც მესაუბრა - გასულ გვალვიან და ხანძრიან ზაფხულს როგორ ვლოცულობდი ყოველ დღე, რომ ჩემს სახლსა და ბოტანიკურს შორის გადამხმარ ფერდობს ხანძარი არ გასჩენოდა, რადგან ავტომობილებიტ ჩახერგილ მთის ფერდობზე ვარანაირი სახანზრო ეკიპაჟი ვერ ამოარწევს - მთელი უბანი გადაიბუგებოდა... კიდევ იმაზე, ხანდახან ღამე , ყოველ პულსის აჩქარებისას პანიკური შიში რომ მიპყრობს, რადგან ვიცი, ვერასდროს ვერანაირი სასწრაფო არა თუ ვერ მოარწევს ჩემამდე, ქუჩასაც ვერ იპოვის, თბილისში ხომ ქუჩის დასახელებების აბრების გაკვრა ძალიან, ძალიან არ უყვართ ... მაგრამ ზედმეტი სენტიმეტებით აღარ შეგაწყემთ თავს - ისედაც სტატიასავით სტატუსი გამომივიდა.



მოკლედ როგორც განათლებული ხალხი იტყოდა, სრულ ექშენში ვცხოვრობ ისევე როგორც ყოველი თქვენთაგანი..



მხოლოდ იმის შეგნება მამშვიდებს - ჩამოთვლილთაგან, ერთერთი ხიფათის მსხვერპლიც რომ გავხდე, დარწმუნებული ვარ აუცილებლად გამოიძიებენ ' 'შესაბამისი უწყებები და ასი.. შეიძლება ორასი ლარითაც კი დაჯარიმონ დამნაშავე... პრინციპში ცოტა არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ სახანძრო უსაფრთხოების დარღვევისათვის, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს, ჩვენს უსაფრთხო და ჰუმანურ ქვეყანაში, როგორც გაზეთი ბათუმელები იუწყება, ჯარიმა მთელი 300 ლარი ყოფილა!“, — წერს პაატა ქურდაძე.




commersant.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930