3-10-2023
„ეს საკითხი, როგორც თქვენ გადაწყვიტეთ არის იაფფასიანი პოლიტიკური ნაბიჯი", - მიმართა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ , გივი მიქანაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს ანი წითლიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, რომ წითლიძის მიერ ინიცირებული ვაუჩერული სისტემა, რომელიც საჯარო სკოლებში ბავშვთა უფასო კვებას უკავშირდება, არ არის რელევანტური.
„ვაუჩერული სისტემა, რომელიც ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში შემოიღეთ, არ იძლევა გარანტიას, რომ ეს ვაუჩერული უზრუნველყოფა პირდაპირ იმ მიზანზე წავა, რომელსაც თქვენი კეთილშობილური ზრახვები ემსახურება. სკოლებში განსავითარებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურასთან ერთად, მნიშვნელოვანია დაცული იყოს ის მნიშვნელოვანი რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული კვების საკითხებთან მიმართებით უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე. როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ უნდა არსებობდეს სასკოლო კვების სტანდარტი და უნდა შემუშავდეს უფასო სკოლის პროგრამის სრულყოფილად განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური რეგლამენტები, თქვენ იცით, რომ ეს პროცესი მიმდინარეა, არ არის ბოლომდე დამუშავებული, რადგან სხვა ბევრ საკითხთანაა დაკავშირებული, "- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ.
გივი მიქანაძის თქმით, წითლიძის განცხადება არის პოპულისტური და მისი მიზანია საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს და არ ზრუნავს ბავშვებზე.
„ ზუსტად ამ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 10 წლის უკან საბავშვო ბაღებში შევიდა უფასო კვება, რამაც შესაძლებელი გახადა 40% -ით გაზრდილიყო საბავშვო ბაღებში ბავშვთა კონტინგენტი. ამ საკითხზე მინისტრმაც განაცხადა, კომიტეტიც გიდასტურებთ, რომ მუშაობა მიმდინარეობს და აუცილებლად იქნება განხორციელებული. ამ კვირაშიც გამოდის კორექტირებული ბიუჯეტი, რომელშიც 45 მლნ არის გათვალისწინებული სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სადაც სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და შემდგომ რეაბილიტაციაზეა საუბარი. აღარ ვლაპარაკობ იმ უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ იქნა მიღებული და 880 საბავშვო ბაღის და 800 სკოლის მშენებლობ-რეაბილიტაციას ეხება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
16-11-2024
16-11-2024