4-09-2018
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ მისი უწყების საქმიანობაზე ისაუბრა.
ყოლბაიას განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სერიოზულ პრეფერენციებს აძლევს დევნილ მოსახლეობას, თუმცა გარდა იმისა, მისივე თქმით, დევნილებისთვის მისი უწყების ბიუჯეტიდან ისეთი ძვირადღირებული მომსახურებები ფინანსდება, როგორიცაა მაგნიტორეზონანსული და რეზონანსული ტომოგრაფიები.
„აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შეფასება ჩემი მხრიდან ცოტა არაკორექტული იქნება, თუმცა, იმის ართქმა, რასაც ვაკეთებთ, იქნება არდაფასება იმ ადამიანების საქმიანობისა, რომლებიც ჩართულნი არიან იმ პროცესებში, რასაც დევნილთა სხვადასხვა პრობლემური საკითხის მოგვარება ჰქვია. შეიძლება ეს ცოტა მაღალფარდოვნად ჟღერდეს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამას ვცდილობთ. სხვანაირად ვერ შევაფასებ იმას, რასაც, მაგალითად, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ძალიან სერიოზულ პრეფერენციებს აძლევს დევნილ მოსახლეობას, ისევე, როგორც ქვეყნის სხვადასხვა სოცილურ ჯგუფებს, რამეთუ ის სადაზღვევო პაკეტი, რომელსაც მოიცავს ეს სისტემა, ვრცელი და საკმაოდ მოცულობითია. ამის ფარგლებს გარეთ, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მივეცით საშუალება, იმ ტრანსფერიდან, რასაც ქვეყანა გვაძლევს, გამოვუყოთ გარკვეული თანხები, რომლებიც პირდაპირ სოციალურ პროგრამას აფინანსებს. გარდა იმისა, რასაც დევნილი ღებულობს საქართველოს ჯანდაცვის პაკეტიდან, ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება ისეთი ძვირადღირებული მომსახურება, როგორიცაა მაღალტექნოლოგიური მაგნიტორეზონანსული და რეზონანსული ტომოგრაფიები (სულ 12 ნოზოლოგიაა დაფინანსებული. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ჩვენი მთავრობის ვებგვერდზე), ასევე კორონოგრაფია. ამ უკანასკნელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო თუმცა აფინასებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს შემდეგ უწევს ოპერაციის გაკეთება. ჩვენ ყველა პირობისა და თანადაფინანსების გარეშე ვახდენთ ამის დაფინანსებას.
ამასთან ერთად, ჩვენ თვეში მინიმუმ ორჯერ, ჯანმრთელობის ადგილზე გამოკვლევის მიზნით, ვაწყობთ გასვლით ღონისძიებებს, ძირითადად, დევნილი მოსახლეობის კომპაქტურ ჩასახლებებში. ღინისძიებებში ჩართული გვყავს ქვეყანაში მოქმედი უმაღლესი დონის ჯანდაცვის დაწესებულებები, სპეციალისტები - დაახლოებით 10-12 სხვადასახვა მიმართულების პროფესორი ჩადის ერთდროულად რეგიონში. მათ მიერ გამოწერილი მედიკამენტები კი იქვე რიგდება ჩვენ მიერ. მაგალითისთვის: უახლოეს დღეებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს გასვლა ქობულეთსა და ბათუმში და დაახლოებით 7 ათასი ლარის ღირებულების წამალი მიგვაქვს“- განაცხადა ყოლბაიამ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ ინტერვიუში.
ინტერვიუს ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: Newspress.ge