5-10-2023
„თქვენი შეკითხვით მინდა დაგიბრუნდეთ: სადამდე მიხვედით? ამ ხალხთან როგორ მიხვედით, რომლებიც მკვლელობებში, ადამიანების გატაცებებში, ციხეში ზეწოლების მოწყობაში და რეპრესიებში არიან გასამართლებული, თან მარტო საქართველოში კი არა, სტრასბურგის სასამართლოს აქვს არა ერთი საქმე განხილული და გამოტანილი გადაწყვეტილებები“-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის მისამართით განაცხადა.
„რაც შეეხება ანა ნაცვლიშვილის რიტორიკას, რამდენჯერმე წამოგვაძახა აქ მიტინგებზე საერთოდ ვინ დგახართო, თუ შეიძლება ხელი აწიოთო? მე მინდა მას შევთავაზო, რომ ერთი კვირით გადმოჯდეს უბრალოდ ჩვენს მხარეს, მინდა კიდევ ერთხელ გავაცნო ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის წლების განმავლობაში, სტუდენტობიდან იბრძოდა, ეს ადამიანები აქ სხედან. ასევე, აქ არის უმრავლესობის წევრი საქართველოს მაშინდელი ომბუდსმენი, ვინც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ომბუდსმენად იყო აღიარებული და ვინც გაბედა და თქვენ პირსისხლიან რეჟიმს დაუპირისპირდა.
ძმა, რომ დაუჭირეთ და რომ შეუთვალეთ, რომ „შენ ძმას ციხიდან არ გამოუშვებ, თუ არ შეწყვეტ ხელისუფლების კრიტიკასო“, ეგეც კარგად იცის საზოგადოებამ და იმ ძმამაც, რომ შემოგითვალათ, რომ „სადამდეც საჭირო იქნება დავრჩები ციხეში, სანამ თავისუფლება და სამართალი არ გაიმარჯვებსო“, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს საზოგადოებას.
ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს მინდა ვუთხრა, აქციებზეც ვიდექით, ადამიანის უფლებებსაც ვიცავდით, მათ შორის, პირადად მე გახლდით აქციებზე წინა ხელისუფლების დროს, ვაკვირდებოდი და ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება ყოფილიყო დაცული. მაგრამ თქვენ რომ იდექით ქალბატონო ანა, თქვენივე სიტყვებით რომ მოგმართოთ, სადამდე მიხვედით ბოლოს? ვისთან დადექით ბოლოს, დღეს სად დგახართ? დგახართ იმ ხალხთან, ვინც ადამიანებს აწამებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ტელევიზიებში რეიდებს ატარებდნენ და ვინც საჯარო სექტორი გამოაცხადეს თავის საკუთარ გავლენის სფეროდ თავიდან ბოლომდე.
ხომ გახსოვთ, რომ იქ არავინ მუშაობდა, ვისაც შეეძლო, საპროტესტო აქციაზე დროშა აეწია და ჩვენი ხელისუფლების დროს გმირებად რომ გამოაცხადეთ ადამიანები სამოქალაქო პროტესტის დროს, სხვათა შორის, არა ერთი მათგანი საჯარო მოხელე გახლდათ და ეგეც კარგად იცით“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
16-11-2024
16-11-2024