12-10-2023
„კეზერაშვილზე დიდი კორუმპირებული ადამიანი საქართველოს არ ჰყოლია. მისი დანაშაული არა მხოლოდ საქართველოშია დადასტურებული, არამედ BBC-ის გამოძიებითაც გამოჩნდა, რამხელა თაღლითური ქსელი აქვს მთელ ევროპაში და მსოფლიოში“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.
როგორც სუბარი აღნიშნავს, გლობალურ ომის პარტიას სურს, კეზერაშვილის დახმარებით არიოს საქართველოში სიტუაცია.
„უტიფრობაა, რასაც ისინი აკეთებენ. ყველაზე მეტად რაც სჭირდება ტყუილებით ლაპარაკს, ამ თემაში ყველა ერთნაირია (ხაბეიშვილი და სხვანი), თუმცა ამასობაში, მთავარი რამეები დაავიწყდათ. ხაბეიშვილი რითაც მოვიდა პარტიის თავმჯდომარედ იყო ის, რომ სასწრაფოდ მიშა უნდა გაეთავისუფლებინა, ამისთვის საავადმყოფოში და ციხეშიც კი შევარდებოდა და შტურმით აიღებდა. დღეს აღარავინ ახსენებს მიშას გათავისუფლებას, თვითონ ამ საცოდავის გარდა.
გვახსოვს, იძახოდნენ მიშა კვდება, ავადმყოფია და არ მკურნალობენ, თუმცა ეს თემაც გადაავიწყდა ყველას და თვითონ მიშა გამოდის უკვე მოწოდებებით. დღეს მთლად კომიკურ ვითარებაში ჩავარდნენ - მიშას შარვალ-კოსტიუმი და ბოტასები გამოფინეს ოფისში. ხუმრობდნენ კიდეც - გურიაში იცოდნენ ასე რამდენიმე ათეული წლის წინ, ადამიანი რომ მოკვდებოდა შარვალ-კოსტუმს გამოფენდნენ, 40 -მდე უნდა ყოფილიყო და ამათი მდგომარეობა სწორედ ამას ჰგავს.
ძალიან კომიკურ სიტუაციაში არიან, თუმცა ეს კომიზმი არ უშლით ხელს, რომ მაქსიმალურად იმავნებლონ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და ყველგან, სადაც ხმა მიუწვდებათ გააფუჭონ საქართველოს საქმე. დღეს წავიკითხე, ვიღაც ამბობდა, რომ უნდათ ჩაანაცვლონ ხაბეიშვილი ვიღაცით. ამას არ აქვს მნიშვნელობა საქართველოსთვის. სხვა რამეა გაცილებით მნიშვნელოვანი - კეზერაშვილი.
კეზერაშვილზე დიდი კორუმპირებული ადამიანი საქართველოს არ ჰყოლია. მისი დანაშაული არა მხოლოდ საქართველოშია დადასტურებული, არამედ BBC-ის გამოძიებითაც გამოჩნდა, რამხელა თაღლითური ქსელი აქვს მთელ ევროპაში და მსოფლიოში. კეზერაშვილის მიმართ, ძებნა მიმდინარეობს მიუხედავად ევროპაში ჩადენილი თაღლითობისა? არა! რატომ? იმიტომ, რომ ის სჭირდება გლობალური ომის პარტიას საქართველოში ვითარების ასარევად.
აი ეს არის ყველაზე ცუდი და მტკივნეული, ამიტომ ძალიან ბუნებრივია, რომ მასთან ჩადიან და მისგან იღებენ დავალებებს. იქ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ - ხაბეიშვილს ჩაანაცვლებენ, რომელიმე სხვა ხაბეიშვილით, თუ ისევ მელია დაბრუნდება, აბსოლუტურად არ აქვს ამას მნიშვნელობა.
რაც მთავარია, „ნაცების“ ელექტორატი დგას ერთ ადამიანზე და ეს არის მიშა სააკაშვილი. მიშა, რომელიც დაივიწყეს. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახსოვს და აღარც არავის, ისევ საკუთარი თავის გარდა. მგონი დედამისიც აღარ დადის მასთან საავადმყოფოში (ყოველ შემთხვევაში ტელევიზიები აღარ აჩვენებენ, შეიძლება დადის კიდეც)“, - განაცხადა სუბარმა.
16-11-2024
16-11-2024