12-10-2023
ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეაო, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პოლიტიკა უფრო ლუსტრაციის საუკეთესო საშუალებაა: ბინძურსაც და სუფთასაც მათი საქციელი გამოაჩენს და ამის მიხედვით იმსახურებენ შეფასებებს საზოგადოებისგან, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს რუსეთის აგენტს უწოდებდნენ, მას მხარს დაუჭერდნენ.
კაკაბაძის თქმით, საზოგადოება ხედავს პოლიტიკოსების რეალურ სახეს, ვინაიდან, პოლიტიკა ლუსტრაციის საუკეთესო საშუალება.
“რას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეაო, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პოლიტიკა უფრო ლუსტრაციის საუკეთესო საშუალებაა: ბინძურსაც და სუფთასაც მათი საქციელი გამოაჩენს და ამის მიხედვით იმსახურებენ შეფასებებს საზოგადოებისგან. რამდენიმე წლის წინ ვინმე წარმოიდგენდა, რომ კრემლის აგენტად, ...-ქალად და ბიძინას მონად შერაცხულ სალომე ზურაბიშვილს მისი მაგინებელი „პრინციპული“ ოპოზიციონერები ხმალამოღებული დაიცავდნენ? ან „თვალთხარია“ გახარიასთან საერთო ენას გამონახავდნენ? ან ერთ დროს მიშას ხელისუფლებაში მყოფები, შემდეგ კი მიშას მაგინებლები ისევ მიშას ჩაუხტებოდნენ კალთაში? ალბათ ყველას ახსოვს გიგი უგულავას ცნობილი შეფასება, რომელიც აჟიტირებული ამბობდა, დაჟანგდა მიშა და ჯართში უნდა ჩავაბაროთო, დღეს იგივე „კაცი“ ისეთივე აჟიტირებით გვიმტკიცებს, ჯართი ისევ ლაპლაპა ფოლადად იქცა და მხოლოდ მის გარშემო უნდა გავერთიანდეთო.
ისიც გვახსოვს, „სტრატეგოსი აღმაშენებელი“ გიორგი ვაშაძე ნაცებს რომ ემიჯნებოდა და უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს იმ დროს უძვრებოდა და მის ადმინისტრაციაში მუშაობდა, როცა პოროშენკო მიშას დევნიდა - ხან აპატიმრებდა, ხან მოქალაქეობას ართმევდა და ხანაც ქვეყნიდან აძევებდა. ხაბეიშვილზე აღარაფერს ვამბობთ, რომელმაც მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო თავისი ბელადი და მერე ისევ მის კალთაში აღმოჩნდა.
ამ საწყალმა მიშამაც რა ქნას, უკან იბრუნებს მის უარმყოფელ ყოფილ მონებს იმ იმედით, რომ მეორედ ვეღარ გაბედავენ მის ღალატს, მაგრამ ამაშიც ცდება, რადგან ასეთი ხალხისთვის ერთგულებაც და იდეურობაც უცხო ხილია. ის კი არა, მიშამ თავის უპირველეს და უსასტიკეს მტრად ქცეული ოქრუაშვილის უკან მიღებაზეც კი ვერ თქვა უარი, რადგან „საქმეს ასე სჭირდებოდა“.
მოკლედ, უპრინციპო ხალხი დღეს თავის მსგავს მადამ პრეზიდენტს კბილებით იცავს და აცხადებს, ჩვენ არ გვაინტერესებს, დაარღვია თუ არა სალომემ კონსტიტუცია, ჩვენ დღეს ის პრეზიდენტად გვჭირდება და სატანადაც რომ ვთვლიდეთ, მაინც მხარს დავუჭერთო. მთელი ქვეყანა უყურებდა, როგორი მასტერკლასი ჩაუტარა საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენლებს. ოპოზიციის დევიზი დღეს ასეთია: „ჩვენ გვიყვარს ჩვენი, თუნდაც კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი“, თანაც, სწორედ მის იმედზეღა ვართ, რომ „მოწამლული“, „ნაწამები“ და დემენციის, კახექსიის და სხვა მრავალი განუკურნებელი სენისგან განკურნებული „პუტინის ტყვე“ გაათავისუფლოსო. ასეთ პოლიტიკოსებს მერე უკვირთ, ხალხი ხმას რატომ არ გვაძლევსო.
ერთი წლით ადრე უკვე დაიწყეს მომავალი არჩევნების დისკრედიტაცია, ელექტრონული არჩევნები დაცული არ არის გაყალბებისგან და ამიტომ უფლებას ვიტოვებთ, როცა დავმარცხდებით, არჩევნების შედეგები ჩვენს თავს კი არა, ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებას დავაბრალოთ და ეს „გაყალბება“ გავაპროტესტოთო. ერთი სიტყვით, პოლიტიკა ლუსტრირების საუკეთესო საშუალებაა და საზოგადოებაც ზოგჯერ გაოცებით, ზოგჯერ ზიზღით და სიძულვილით და ზოგჯერ ინტერესით შეჰყურებს ამ უსინდისო, ამორალურ და უსირცხვილო ოპოზიციონერ „პოლიტიკოსთა“ ხროვას, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ სკამებზე ასაძრომად, შესანარჩულებლად ან დასაბრუნებლად” - წერს კაკაბაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024