მმართველი გუნდის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარი, ანდრეს მამიკინსი არის ევროპარლამენტის მიერ შერჩეული და შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი მოხსენება არის არა მისი ინდივიდუალური, არამედ ევროპარლამენტის მოხსენება.
ამის შესახებ ოხანაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრის სერგი კაპანაძისადმი მიმართვისას განაცხადა.
„მსურს გამოვეხმაურო ბატონი სერგი კაპანაძის განცხადებას ანდრეს მამიკინსის მოხსენებასთან დაკავშირებით. ბატონო სერგი, მესმის, რომ ჩაგივარდათ კანდელაკის მოდელირებული ქრონიკა და ახლა გადაგაქვთ ყურადღება მამიკინსის მოხსენებაზე. ეს მესმის თქვენგან, თუმცა დიპლომატი ბრძანდებით და ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გახსოვდეთ და არ უნდა გეშლებოდეთ, რომ ბატონი მამიკინსი არის ევროპარლამენტის მიერ შერჩეული და შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი მოხსენება არის არა მისი ინდივიდუალური, არამედ ევროპარლამენტის მოხსენება. ეს ერთი მნიშვნელოვანი შეხსენება და დაზუსტება იმისთვის, რომ იყოთ ობიექტურნი და მოახდინოთ საკითხების სწორი ციტირება“- განაცხადა ოხანაშვილმა.