17-10-2023
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კონსტიტუციის დარღვევის დადგენასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანას შეუნარჩუნა კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა",- განაცხადა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარტივი კაზუსი ამოიხსნა.
„კონსტიტუციის 52-ე მუხლის მიხედვით, ვიზიტების განხორციელებისას პრეზიდენტს სჭირდება მთავრობის თანხმობა. მან ითხოვა თანხმობა, ვერ მიიღო და მაინც წავიდა - დაარღვია კონსტიტუცია. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რაც ამოხსნა საკონსტიტუციო სასამართლომ. კაზუსის სიმარტივის მიუხედავად (არ ვიცით და არც იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, მაგრამ აქ შეიძლებოდა ნაკლები ეკადრებინა), გამოვიდა და პირდაპირ თავს დაესხა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი შეფასებით, პრეზიდენტმა დეპუტატების მიმართ იუზრდელა.
„ ის არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და ის უზრდელობს. როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ზეპარტიული, ნეიტრალური უნდა იყოს , უზრდელობდეს? წარმოუდგენელია, მაგრამ ესეც მისი პრობლემაა და მისი საქმეა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ „ნაცმოძრაობის" იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და მათ აქვთ სრული კოორდინაცია. რადიკალურ ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს აქვთ სრული კოორდინაცია და საოცარი განცხადება გააკეთა გუშინ. მან უთხრა რადიკალურ ოპოზიციას: უფრო ძლიერი სურათისთვის მე მარტო დავრჩები აქ და თქვენ გარეთ გადითო. ერთად დგამენ „კარტინკას" სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა". სალომე ზურაბიშვილი დავიდა „ნაცმოძრაობამდე". მან საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი გაცვალა „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტობის სტატუსზე, რაც უბრალოდ, სამარცხვინო ქმედებაა", -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს აღიზიანებს საქართველოს ყველანაირი წარმატება.
„სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ჩვენს ქვეყანაში ინსტიტუტები მოშლილიაო. მინდა, შეგახსენოთ, ჩვენს ქვეყანაში რა ვითარება გვაქვს. მშვიდობას ვინარჩუნებთ უკვე მეთორმეტე წელია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა შარშან, შარშანწინ, წელსაც ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა.
დეკემბერში, სადაცაა ვაპირებთ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს ყველაფერი სწორედ ინსტიტუტების დამსახურებაა, რომლებიც ასე აღიზიანებს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, აქაც არის თანხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" შორის. ისევე, როგორც „ნაცმოძრაობას", მასაც აღიზიანებს ჩვენი ქვეყნის ყოველგვარი წარმატება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი ერთი წელიწადი, კიდეც რომ ჩავარდეს იმპიჩმენტი. ის დარჩება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტად",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024