18-10-2023
ონის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი - თამარ თოლორაია, ამავე სამმართველოს სკოლამდელი განათლების ექსპერტი - მარინე მჭედლიშვილი, მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერების ექსპერტი - თეა ძოწენიძე, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ექსპერტი მასაჰირო კატო, ორგანიზაცია კივიტას გეორგიკას (Civitas Georgica) დირექტორი - გიორგი მესხიძე.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი, შესაბამისი სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით მყოფ პირებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ბავშვების უფლებებზე, რომელიც ადრეულ ასაკში განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
საქმიანი ვიზიტი სოფელ უწერის და სოფელ ჭიორის სასკოლო მზაობის ცენტრებში, ასევე წედისის ოჯახზე დაფუძნებული სასკოლო მზაობის ჯგუფში გაგრძელდა. ასევე საინფორმაციო შეხვედრა სოფლების ღების, ჯინჭვისის, სორის სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებთან და აღმზრდელებთან გაიმართა, გეგმის მიხედვით სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღმზრდელები დასაქმდებიან იმ ალტერნატიული სკოლამდელი განათლების ცენტრებში, რომლებიც გაიხსნება შესაბამისად ამ სოფლებში. ასეთივე ცენტრების გახსნა იგეგმება ონის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში.
სასკოლო მზაობის ცენტრების შექმნა ონის მუნიციპალიტეტში მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ბავშვების კეთილდღეობას, რომ არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს სკოლამდელი განათლების გარეშე.
მიუხედავად ამისა, თუნდაც ერთი ბავშვისთვის სოფელში უნდა არსებობდეს განათლების მიწოდების ალტერნატიული მოდელი, რომელიც განსხვავდება სტანდარტული ბაღისგან, იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა განვითარებისთვის და განათლებისთვის.
სწორედ ამას ემსახურება მუნიციპალიტეტების, სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევა.
ონში ვიზიტის დროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები , Civitas Georgica და JICA პარტნიორებთან ერთად შეთანხმდნენ, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას და განვითარდეს ბავშვზე მორგებული განათლების ახალი მოდელები.
16-11-2024
16-11-2024