19-10-2023
„საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია პირდაპირი რეისების სტიმულირება. ამიტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რათა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებიდან დაინიშნოს მეტი პირდაპირი რეისი და გაიზარდოს სიხშირეები. სწორედ წარმატებული მოლაპარაკებების შედეგია, რომ დღეს გვაქვს პოზიტიური მაჩვენებელი ავიაციაში მგზავრთნაკადის აღდგენის კუთხით - სასიხარულოა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა, რაც მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს აეროპორტები 4,529,466 მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 9%-ით აღემატება, რაც პირველი შემთხვევაა პანდემიის გამო შეჩერებული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში იზრდება როგორც პირდაპირი რეისების რიცხვი, ისე მგზავრთნაკადი. „შედეგად, საქართველოში ჩამოდის კიდევ უფრო მეტი ტურისტი, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ ევროპული ქვეყნებიდან," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მგზავრთნაკადის ზრდას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების 30 - მდე მიმართულებით ხორციელდება პირდაპირი რეისები. მისი თქმით, საამაყოა, რომ აღნიშნულმა აეროპორტმა მიმდინარე წელს მილიონ მგზავრს პირველად გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 93%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
16-11-2024
16-11-2024