20-10-2023
რუსეთს გამოცხადებული ჰქონდა ჩვენ თვითონ გვეჩქარება და გავიყვანთ ბაზებს 2009 წლამდეო, შეიმუშავეს პროტოკოლი და ხელი მოაწერეს, რომ რუსეთი თავის ბაზას გაიყვანდა 2008 წლის ბოლომდე. 2009 წლის დასაწყისი არის პირველი იანვარი და 2008 წლის ბოლო არის 31 დეკემბერი. მე განსხვავებას ვერ ვხედავ და ასე რომ ამ პროტოკოლით ახალი არაფერი მომხდარა - ასე უპასუხა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ვაჟა ლორთქიფანიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებულ რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხს.
ვაჟა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხი ჯერ კიდევ 1999 წელს შეთანხმდა და იმის თქმა, რომ ეს ერთი პიროვნების დამსახურებით მოხდა, უსამართლობაა იმ პირების მიმართ ვინც 10 წლიანი შრომა ჩადო ამ საქმეში.
„ერთი ბაზა იყო თბილისში, მეორე იყო გუდაუთაში, ერთი იყო აჭარაში და ერთი იყო ახალქალაქში, მეხუთე ბაზა იყო ჯარის მთელი სახეობა, აღჭურვილობითაც და რაოდენობითაც ოთხივეს აღემატებოდა. ჩვენ შევძელით რომ ეს გავიყვანეთ და მთელი ჯარის სახეობა გავიდა 1997 წლამდე და მერე 1999 წლის დასაწყისიდან პრინციპში უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი დახმარებით შევძელით ინფრასტრუქტურის შექმნა და უკვე საზღვარს ჩვენთვითონ ვიცავთ. 1999 წელს სტამბულში შედგა ეუთოს ქვეყნების სამიტი, მძაფრად მიაწვნენ მაშინ, ძალიან მძაფრი საუბარი შედგა რუსეთთან, რომელსაც პრეზიდენტი ელცინი წარმოადგენდა, ამერიკის პრეზიდენტმა კლინტონმა, ასევე ძალიან დაუჭირა მხარი დემირელმა, თურქეთის პრეზიდენტმა, სხვა პრეზიდენტებმაც.
განაწყენდა ელცინი, დატოვა სხდომა და იმ ღამეს დაუმშვიდობებლად გაფრინდა და მოიმიზეზა, რომ ვითომ ავად გახდა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა ოფიციალურად ხელი მოაწერა ამ გადაწყვეტილებას. რუსეთი იღებდა ვალდებულებას, რომ ეს ოთხი დარჩენილი ბაზა გაეყვანა საქართველოს ტერიტორიიდან 2009 წლამდე. ორი ბაზა გავიდა თითქმის წელიწად ნახევარში რატომღაც, მაშინდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ და სააკაშვილმა გაამწვავეს ამ ბაზების გაყვანის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მაშინ გამოცხადებული ჰქონდა ჩვენ თვითონ გვეჩქარება და გავიყვანთ ამ ბაზებსო 2009 წლამდეო, შეიმუშავეს პროტოკოლი და ხელი მოაწერეს, რომ რუსეთი თავის ბაზას გაიყვანდა 2008 წლის ბოლომდე. 2009 წლის დასაწყისი არის პირველი იანვარი და 2008 წლის ბოლო არის 31 დეკემბერი. მე განსხვავებას ვერ ვხედავ და ასე რომ ამ პროტოკოლით ახალი არაფერი მომხდარა. დაკნინება არ არის, მაგრამ ეს არ იძლევა საფუძველს ჩვენი წინა 10 წლიანი და უფრო მეტი მუშაობა და მონდომება დავკარგოთ და ვთქვათ, რომ ვიღაცა ერთმა პიროვნებამ გაიყვანა ეს ბაზა. ეს რა თქმა უნდა უსაფუძვლოა და უსამართლოა იმ ადამიანების მიმართ“ - განაცხადა ვაჟა ლორთქიფანიძემ.
16-11-2024
16-11-2024