21-10-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის, პროფესორ ლადო ჭანტურიას საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი თამარ ზარანდია, კრებულის ქართველი და უცხოელი თანაავტორები, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კრებული ეძღვნება პროფესორ ლადო ჭანტურიას 60 წლის იუბილეს. მისი გამოცემის ინიციატივა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ეკუთვნის და მოიცავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი დარგის სპეციალისტების სტატიებს სამართლის სხვადასხვა სფეროდან.
საიუბილეო ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ ისაუბრა ლადო ჭანტურიას წვლილზე თანამედროვე ქართული სამართლის ჩამოყალიბება-განვითარებაში. „პროფესორი ლადო ჭანტურია იდგა სამოქალაქო კოდექსის შექმნის სათავეებთან. ამ ღონისძიებით შესაძლებლობა გვაქვს დავაფასოთ მისი უდიდესი წვლილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის, განვითარების საქმეში. ლადო ჭანტურია ყოველთვის იყო უნივერსიტეტის გულშემატკივარი, მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებულია უნივერსიტეტთან, მისი მაღალი ეთიკური სტანდარტები დაფასებულია როგორც სამეცნიერო წრეებში, ისე სტუდენტებში. ის მომავალი პროფესიონალების აღმზრდელი და ახალგაზრდების საყვარელი ლექტორია,“-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
კრებულის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ლადო ჭანტურია ევროპის აკადემიის წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფრანგიშვილმა მიაწოდა.
ღონისძიებაზე ლადო ჭანტურიამ მადლობა გადაუხადა მშობლიურ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტს საიუბილეო კრებულის გამოცემისთვის. „საიუბილეო კრებული ასახავს არა მხოლოდ უმაღლეს დონეზე შესრულებულ სამეცნიერო ნაშრომებს, არამედ წარმოადგენს ადამიანებს, რომლებთანაც მაკავშირებს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთები. მათ უდიდესი როლი შეასრულეს ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში,“-განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
საიუბილეო კრებულის ქართველი და უცხოელი ავტორები არიან: პროფესორი როლფ კნიპერი (ბრემენის უნივერსიტეტის ემერიტუსი, საქართველოს საპატიო მოქალაქე და თსუ-ის საპატიო დოქტორი), პროფესორი ანგელიკა ნუსბერგერი (ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი), პროფესორი ალექსანდერ ტრუნკი(კიელის უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპული სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ის საპატიო დოქტორი), პროფესორი მაიდან სულეიმანოვი (კასპიის უნივერსიტეტის (ყაზახეთი) კერძო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი) და ფარხად კარაგუსოვი (კასპიის კერძო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი); იურგენ ბაზედოვი, ბესარიონ ზოიძე, კლაუს ჰოპტი, ჰაინ ბიოლინგი, მერაბ ტურავა, ნატალია კუზნეცოვა, ჯონი ხეცურიანი, ჰანს იოახიმ შრამი, თამარ ზარანდია, ნანა მჭედლიძე, ვალერი ხრუსტალი, ზვიად გაბისონია, ნონა თოდუა, ირაკლი ბურდული, დემეტრე ეგნატაშვილი, თომას მაიერი, ქეთევან ქოჩაშვილი, ეუგენია კურინკი-სინგერი, გიორგი დავითაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი, სერგი ჯორბენაძე, თამარ ზამბახიძე, გოჩა ფერაძე, ლია შატბერაშვილი, ნატალია მოწონელიძე, თამარ ზოიძე, ბექა ქანთარია, გიორგი რუსიაშვილი, ულრიხ ჰაგენლოხი.
16-11-2024
16-11-2024