გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს 37-ე შეხვედრას მასპინძლობს

23-10-2023

თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს 37-ე შეხვედრა იმართება. საბჭოს სხდომა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა,ოთარ შამუგიამ და კლიმატის მწვანე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაფალდა დუარტემ გახსნეს.


მინისტრმა მადლობა გადაუხადა კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს წევრებსა და სამდივნოს, აღნიშნული შეხვედრის მასპინძელ ქვეყნად საქართველოს შერჩევისთვის.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს რიგით 37-ე შეხვედრის მასპინძლობს. მთელ მსოფლიოში, კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენა გაძლიერებულ სტიქიურ მოვლენებში გამოიხატა. საქართველოში, შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, GCF-მა ორი ეროვნული პროექტი დააფინანსა. ამასთან, ჩვენ ჩართული ვართ GCF-ის რეგიონულ პროექტებშიც. ვიმედოვნებთ, კლიმატის მწვანე ფონდთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მჯერა, თბილისში მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით, განვითარებადი ქვეყნებისთვის იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი გლობალურ პრობლემასთან - კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.


კლიმატის მწვანე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაფალდა დუარტემ საქართველოს მთავრობას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.


„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლიმატის მწვანე ფონდის საბჭოს შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში იმართება. შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საბჭომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.  ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან 2016 წელს დაიწყო და მას შემდეგ არაერთ ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე კვირას ვგეგმავთ ვიზიტებს სხვადასხვა ლოკაციაზე“, - განაცხადა მაფალდა დუარტემ.


შეხვედრის გახსნით სესიას უძღვებოდა კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რომელიც საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების  ჯგუფს წარმოადგენს. შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.


კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ეხმარება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში.


თბილისში მიმდინარე GCF-ის საბჭოს 37-ე შეხვედრას ესწრებიან შესაბამისი სამინისტროების მაღალი რანგის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, პაკისტანი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, არგენტინა, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ეგვიპტე და სხვა).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930