24-10-2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) დაარსების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას დაესწრნენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. ღონისძიება გახსნა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
მისასალმებელ სიტყვაში რომეო მიქაუტაძემ განსაკუთრებულად შეაფასა სემეკის როლი ქვეყნის ენერგეტიკის სტაბილურად ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში. მისი თქმით, ევროპის „ენერგეტიკულ გაერთიანებასთან" შეერთებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაუახლოვდეს ევროპულ კანონმდებლობას და ენერგოსექტორში ევროპული სტანდარტები დაამკვიდროს. „ამ მნიშვნელოვან პროცესში გაიზრდება სემეკის რეგულირების სფერო და მისი როლი ენერგეტიკის დარგში. დღეს კომისიას ენერგეტიკის დარგში ერთ-ერთი საკვანძო ფუნქცია აკისრია, რომელსაც შესანიშნავად ასრულებს," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ სემეკის აპარატის პირველი შემადგენლობის წარმომადგენლები. სემეკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საპატიო სემეკელის წოდება მიენიჭათ კომისიის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს.
23 ოქტომბერი სემეკის დაარსების დღეა. 1997 წლის 23 ოქტომბერს ხელი მოეწერა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ჩამოყალიბებას.
16-11-2024
16-11-2024