24-10-2023
ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას შემდგომი დასაქმების უფლებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში გაივლიან. შესაბამისი შინაარსის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ და პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების რექტორებმა. ხელმოწერას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, აგრეთვე იმ ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები, სადაც სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან.
„ენერგეტიკის დარგში ბევრი სიახლე ხდება - გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობა, სხვადასხვა სტრატეგიული პროექტების განხორციელება. ჩვენ დღეს ვუყრით საფუძველს, რათა გაიზარდოს თაობა, რომელიც ენერგეტიკაში ღირსეულად დასაქმდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ. მან იმედი გამოთქვა, რომ სტაჟირების პროგრამა წარმატებული იქნება და მასში ბევრი წარჩინებული სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. „ეს მათ მისცემს შესაძლებლობას უკვე სწავლის პერიოდში მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, ხოლო უნივერსიტეტების დასრულების შემდეგ ენერგეტიკის დარგში მოვიდნენ როგორც უკვე გარკვეული გამოცდილების მქონე პროფესიონალები," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულმა კომპანიებმა გამოთქვეს რა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღოთ სტაჟირების პროგრამაში და ეთანამშრომლათ უმაღლესი განათლების დაწესებულებებთან, განსაზღვრეს სტაჟირების მიმართულებები - შედეგად, ენერგეტიკულის გარდა, სტაჟირების პროგრამა მოიცავს სამართლისა და ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებებსაც ენერგეტიკული კომპანიების სპეციფიკის გათვალისწინებით.
პროგრამაში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
16-11-2024
16-11-2024