6-09-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო შემეცნებითი პორტალი nsp.ge უცვლელად გთავაზობთ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, 1990 წელს დაბადებული გ.ტ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - კანაფის 14 ძირი, დამხმარე სათავსოდან - 1 ძირი, სახლის მანსარდიდან კი გასაშრობად გამზადებული დიდი ოდენობით კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“- ნაქვამია განცხადებაში.