11-01-2018
თემირლან მაჩალიკაშვილის ავსტრიაში სამკურნალოდ გადაყვანა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა შეაჩერა, - ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უკვე დაგეგმილი თბილისი-ვენას რეისი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა გააუქმა.
„დიახ, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება: ჩვენთვის ძალიან სარისკო იყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული ტერორისტის ავსტრიაში ჩამოყვანა, ვინაიდან ვენაში მის მკურნალობას, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე შეექმნა. რა თქმა უნდა, პოტენციურ ტერორისტებს ქვეყანაში ვერ შემოვუშვებთ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ავსტრიაში არ ვუშვებთ, ეს სამედიცინო მკურნალობასაც ეხება“, - განაცხადა ჰერბერტ კიკლმა.
Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი მხარს უჭერდა ავსტრიაში ცნობილ ისლამისტ ფანატიკოსს ახმედ ჩატაევს.
„ჩატაევი ვენაში 2003-2011 წლებში ცხოვრობდა, შემდეგ კი ცოლი და ხუთი შვილი მიატოვა და სირიაში საომრად გაემგზავრა. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ამ პერიოდში ჩატაევმა სოციალური დახმარების სახით ავსტრიისგან 80 000 ევრო მიიღო“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.