26-10-2023
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შუა დერეფნისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაში („The Middle Corridor in the Spotlight"), რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა რეგიონის ქვეყნებისთვის აღნიშნული პროექტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„შუა დერეფანს ბევრი უპირატესობის შექმნა შეუძლია. ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი, ამასთან, შუა დერეფანი უფრო სწრაფია, ვიდრე ოკეანის მარშრუტი. ჩვენ შეგვიძლია, ყაზახეთის საზღვრიდან კონსტანცას პორტში ორ დღეში ტვირთის გადატანა, თუნდაც ჩინეთიდან კონსტანცამდე, ოკეანით ამას 44 დღე სჭირდება. უნდა აღინიშნაოს - სანდო უწყებები ამბობენ, რომ შუა დერეფანი ემისიების მხრივაც კეთილგონივრული გადაწყვეტილება", - განაცხადა რაშად ნაბიევმა.
დისკუსიის ფარგლებში, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის რეგიონის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებულ ეფექტურ თანამშრომლობას და დერეფნის ქვეყნებს შორის კავშირების გამყარების მნიშვნელობას პროექტის განვითარებისთვის. „შემიძლია ვთქვა, რომ გასულ წელს, ჩემმა კოლეგებმა საკმაოდ ბევრი ძალისხმევა მიმართეს იმის გასაგებად, რომ ზუსტად გვცოდნოდა - სად არის შუა დერეფნის გამოწვევები და როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს - სამოქმედო გეგმას", - აღნიშნა მან.