7-09-2018
"რუსეთი ცდილობს დაამტკიცოს, რომ სამხრეთ ოსეთის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია კოსოვოს სიტუაციის იდენტურიაო, მაგრამ ეს ასე არ არის. კოსოვური სეპარატიზმის ჩასახვის უკან დასავლეთი არ მდგარა, ხოლო 1999 წლამდე კოსოვოს მოსახლეობის 90%-ს ალბანელები შეადგენდნენ. ისინი ათი წლის განმავლობაში იბრძოდნენ სამოქალაქო უფლებებისა და ავტონომიის აღსადგენად, რომელიც მათ სერბეთის პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა გაუუქმა. მხარე, რომელიც უარს ამბობდა მოლაპარაკებაზე, სწორედ სერბეთი იყო"-ნათქვამია პოლონური გამოცემის, «Gazeta Polska»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც საქართველოს ეხება.
სტატიის ავტორის თანახმად, სწორედ სერბებმა დაიწყეს ეთნიკური წმენდა, რამაც საბოლოო ჯამში დასავლეთი აიძულა კოსოვოს საქმეებში ჩარეულიყო.
"გარდა ამისა, დასავლეთს კარგად ახსოვდა სლოვენიის, ხორვატიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ომების მძიმე შედეგები. კოსოვოში კონფლიქტის ესკალაციის ფაზა მაშინ დაიწყო, როცა ალბანეთში განვითარებული კრიზისის შედეგად ალბანური არმიის საწყობებიდან დიდძალი იარაღი კოსოვოში მოხვდა.
საქართველოში კი სრულიად სხვა სიტუაცია იყო. იქ 1990-იანი წლების დასაწყისში ომის შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი ეთნიკური წმენდის მსხვერპლი ქართველები აღმოჩნდნენ, თანაც სეპარატისტებს მხარს რუსეთი უჭერდა. კოსოვოს ხელმძღვანელებიდან არავინ არ ყოფილა „ცეერუ“-ს ან რომელიმე უცხოური სპეცსამსახურის წევრი (სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში კი ბევრი რუსი იყო, რომლებიც ადრე რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ). კოსოვოს ალბანური მოსახლეობისათვის არავის არ დაურიგებია ამერიკული პასპორტები, შესაბამისად, ვერავინ იტყოდა, რომ დასავლეთი (აშშ) თავის მოქალაქეებს იცავს. მოსკოვმა კი ადგილობრივ ოსებს რურული პასპორტები დაურიგა. თბილისში თავის არსებობას განაგრძობს სამხრეთ ოსეთის დევნილი ხელისუფლება, სერბეთში კი კოსოვოს დევნილი ხელისუფლება არ არის. ცხინვალის რეგიონი ფაქტიურად ხელოვნური „სახელმწიფოებრივი“ წარმონაქმნია: ეთნიკური წმენდის შემდეგ იქ მხოლოდ 35 ათასამდე ოსი დარჩა, ანუ იმდენი მოსახლეობა, რამდენიც პოლონეთის ერთ პატარა ოლქში ცხოვრობს"-ნათქვამია სტატიაში.
P.S. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NEWSPRESS.GE