27-10-2023
,,პრეზიდენტის ყველა კეთილისმსურველს ვურჩევ, რომ მას ურჩიონ - არ გახსნას, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის პანდორას ყუთი. ეს ჩვენს ქვეყანას არ წაადგება და პირდაპირ წინააღმდეგობაში იქნება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებთან,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სხვა ქვეყნებისგან ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემა გამოიხატება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სახელმწიფოსა და კონსტიტუციის მიმართ პატივისცემით. მისი თქმით, სხვა ქვეყნებმა კონსტიტუციის დარღვევაში ხელი პრეზიდენტს არ უნდა შეუწყონ, თუ მას ამის მცდელობა ექნება.
,,თუ ერთი კონსტიტუციური ორგანო სისტემატიურად და განზრახ დაიწყებს კონსტიტუციის დარღვევას, ეს იქნება პრეცედენტი, რომლის გადალახვაც ძალიან რთული იქნება შემდეგ, რადგან პრეცედენტებს აქვს ძალიან ცუდი თვისება - როცა ის ერთხელ დამკვიდრდება, შემდეგ შეიძლება, სხვასაც წაუცდეს ხელი, რომ დაარღვიოს კონსტიტუცია, თუკი განსაკუთრებით ასეთი მაღალი თანამდებობის პირისგან ხდება ასეთი უპატივცემულობის გამოვლენა.
რა თქმა უნდა, ამას აქვს მეორე მხარეც, თუ ქალბატონი სალომე სხვა ქვეყანაში გაემგზავრება. ვინც თავს საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრად თვლის, მათ დაჟინებით მოვუწოდებ, რომ ქალბატონ სალომეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ხელი არ შეუწყონ. სხვა ქვეყნებისგან ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემა გამოიხატება არა მხოლოდ და არა იმდენად ჩვენი ბუნების, კულტურის და ა.შ. პატივისცემით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება - საქართველოს სახელმწიფოსა და კონსტიტუციის მიმართ პატივისცემით. ჩვენს კულტურასა და ბუნებას ბევრი სცემს პატივს, მათ შორის, ჩვენი არაკეთილმოსურნეებიც. პრობლემა მაშინ არის, როცა ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს კულტურას პატივს არ სცემენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი გამგზავრება თუ შედგება, მიმღები მხარე ქართველი ხალხისა და კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულობას გამოიჩენს, რაც არც მეგობრობასთან არის შესაბამისი და არც რაიმე სახის ღირებულებასთან. ქალბატონ სალომეს დაჟინებით მოვუწოდებ, რომ არ დაარღვიოს კონსტიტუცია, რაც უკვე არის დადასტურებული ფაქტი. თუ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობაზე გეგმები სადმე იხარშება, ეს კიდევ ერთხელ კონსტიტუციის დარღვევაა - მას ის პოზიცია აქვს, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული და ნაცვლად იმისა, რომ ამ სტატუსს გაუფრთხილდეს, უკვე ფაქტია, რომ პირდაპირ გადაეშვა პოლიტიკაში და არის ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მფარველობის ქვეშ, რაც ჩვენ პარლამენტში ვიხილეთ. გარდა ამისა, არის ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, მგონი, უკვე აქედანაც კარგად ჩანს ბევრი რამ. 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება არჩევანი, ერთი მხრივ, ანტიქართულ კოალიციასა და "ქართულ ოცნებას" შორის. გასაგებია, რა არჩევანს გააკეთებს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა ეს არჩევანი უკვე ბევრჯერ გააკეთა და ამ არჩევანს გაიმეორებს. ანტიქართულ კოალიციას ქვეყანაში გასაქანი არასდროს არ აქვს,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024