29-10-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა „ეკო სამიტი 2023“-ის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში - „პასუხისმგებლიანი საზოგადოება პლასტმასისგან თავისუფალი ქალაქისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოში შვედეთის ელჩმა ანა ლიბერმა გახსნა. კონფერენცია მიზნად ისახავდა ეკომეგობრული წარმოების პოპულარიზაციასა და ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნაწარმის მოხმარების შემცირების წახალისებას.
„საქართველო აქტიურად მუშაობს ნარჩენების მართვის მიმართულებით. შედეგად, გვაქვს „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად შემუშავდა. ორიენტირებული ვართ რეციკლირებაზე და, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ვმუშაობთ ცირკულარულ ეკონომიკაზე, რაც ნარჩენების მართვის ახალი პლატფორმაა. შემუშავდა ცირკულარული ეკონომიკის ე.წ. მეფინგი. ამასთან, საქართველო, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) ფარგლებში, ინიციატივას „მაღალი ამბიციის კოალიცია“ მიუერთდა. რაც მთავარია, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ფარგლებში, მიღებული გვაქვს 4 რეგლამენტი. ქვეყანას აქვს ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელი, რომელიც შემუშავდა ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
კონფერენციის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების, ევროკავშირთან სამართლებრივი ჰარმონიზაციისა და პლასტმასის გამოყენებასთან მიმართებაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესახებ სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები წარადგინეს.
„ეკო სამიტი 2023“, პლატმასისასგან თავისუფალი კვირეულის ფარგლებში, შვედეთის სახელმწიფო სააგენტოს, შვედური ინსტიტუტის დაფინანსებით და საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან აიპ „საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი“ და ააიპ „ტრენერთა ასოციაცია“.
16-11-2024
16-11-2024