30-10-2023
საქართველოს არაკეთილმოსურნენი იხრებიან იმ აზრისკენ, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის ჯობია სტატუსზე უარის მიღება, რათა ეს ყველაფერი ხელისუფლების „პრორუსულობის“ დასამტკიცებლად გამოიყენონ, ხალხი ააჯანყონ და ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით შეცვალონ, რასაც შემდეგ „დემოკრატიულ“, „უსისხლო“, „მშვიდობიან“, „ფერად“, „ყვავილოვან“ ან ნებისმიერ სხვა ლამაზხმოვან რევოლუციას დაარქმევენ, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
ნანა კაკაბაძე გამოეხმაურა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც მან საქართველო და ბელარუსი ერთად მოიხსენია. კაკაბაძე აღნიშნავს, რომ დღევანდელი ბელარუსი ნებისმიერი ევროპელისთვის არადემოკრატიული, დიქტატორული სახელმწიფოა და გასაგებია, თუ რას ნიშნავს მის გვერდით საქართველოს მოხსენიება ზელენსკის მხრიდან. ასევე დავით არახამიამ უკრაინის რადაში ის კანონპროექტი წარადგინა, რომელიც საქართველოში „რუსულ კანონად“ მონათლეს და მის საწინააღმდეგოდ ლამის რევოლუცია მოაწყვეს, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართული ოპოზიცია და ჩვენი ქვეყნის „დაუძინებელი მეგობრები“ პატარა საქართველოს ერთობლივად უკრძალავენ საკუთარი ინტერესების დამცავი ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც მიღებული აქვთ დიდ ქვეყნებს.
„კანდიდატის სტატუსი და ქართული ოპოზიცია მოახლოვდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის ვადა და დაძაბულობამაც კულმინაციას მიაღწია.
როგორც გვეუბნებიან, ამასთან დაკავშირებული ევროკომისიის რეკომენდაციები 8 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს: „იმედი მაქვს, რომ ეს რეკომენდაციები დადებითი იქნება და ევროკომისია, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას მისცემს“.
ამ ფონზე ქართული ოპოზიციის შიგნით მიმდინარეობს არა იმის განხილვა, თუ რამდენად წინ წასწევს და გააძლიერებს ეს სტატუსი ქვეყნის პოზიციებს, არამედ ისინი მხოლოდ იმაზე ბჭობენ, თუ რამდენად გააძლიერებს თუ შეასუსტებს კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭება ქართული ოპოზიციის მდგომარეობას, რამდენად შეასუსტებს მათთვის იმის შანსებს, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსმიღებული „რუსული“ ხელისუფლება დაამარცხონ არჩევნების გზით.
ამ მიზნით მიმდინარეობს პროპაგანდისტული ნიადაგის დიდი მზადება და შემზადება, სტატუსის მიღების შემთხვევაში ეს წარმატება მიეწეროს არა ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს და „პროდასავლურ“ ოპოზიციას.
იმასაც კარგად გრძნობენ, რომ ეს ილუზორული გეგმებია, რადგან ძნელია ამ შემთხვევაში ხალხი გამიჯნო მის მიერ არჩეული ხელისუფლებისგან, ამიტომაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი იხრებიან იმ აზრისკენ, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის ჯობია სტატუსზე უარის მიღება, რათა ეს ყველაფერი ხელისუფლების „პრორუსულობის“ დასამატკიცებლად გამოიყენონ, ხალხი ააჯანყონ და ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით შეცვალონ, რასაც შემდეგ „დემოკრატიულ“, „უსისხლო“, „მშვიდობიან“, „ფერად“, „ყვავილოვან“ ან ნებისმიერ სხვა ლამაზხმოვან რევოლუციას დაარქმევენ.
ჩვენი უცხოელი „დაუძინებელი მეგობრები“ ხომ დიდი ხანია მუშაობენ იმ მიმართულებით, რომ სანამ ნაცები და მათი ანასხლეტების ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერ მოახერხებენ, მანამდე საქართველოს „პრორუსულ“ ხელისუფლებას არ უნდა მიენიჭოს სტატუსი, რათა ეს მათ ხელისუფლებაში დარჩენის დამატებით არგუმენტად არ გამოიყენონ. რა თქმა უნდა, ამით ისინი ოპოზიციის ნაწილის პოზიციას აჟღერებენ, რაც რამდენიმე დღის წინ ხათუნა სამნიძემ, რომან გოცირიძემ და ხატია დეკანონოიძემაც დაადასტურეს, რითაც ბევრი ოპოზიციონერის რისხვაც დაიმსახურეს.
საინტერესო იყო ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტის ბოლო განცხადებები, რომელმაც არაპირდაპირ მოუწოდა ევროპას, რომ უკრაინამ და მოლდოვამ უნდა დაიწყოს მათ რიგებში გაწევრიანება, ხოლო საქართველომ და ბელარუსმა ეს გზა მომავალში უნდა გაიაროსო.
ამ დაბოღმილი კაცისთვის საქართველო და ბელარუსი თურმე ერთ სიბრტყეზე იმყოფებიან, ხოლო რადგან დღევანდელი ბელარუსი ნებისმიერი ევროპელისთვის არადემოკრატიული, დიქტატორული სახელმწიფოა, გასაგებია, თუ რას ნიშნავს მის გვერდით საქართველოს მოხსენიება ზელენსკის მხრიდან.
როგორც ჩანს, ზელენსკი ვერასოდეს მოიცილებს იმ ბოღმას, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის ვერ გახსნამ და მისი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკის, ანუ დამნაშავედ ცნობილი ყოფილი პრეზიდენტის კონტეინერით შემოგზავნის ოპერაციის კრახმა და „პუტინის ტყვეობიდან“ სააკაშვილის გამოხსნის ჩაფუშულმა გეგმამ გამოიწვია. მოკლედ, ზელენსკის ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ საქართველო მისთვის იგივე ბელარუსია, საიდანაც რუსული ძალები უკრაინას თავს ესხმიან, ანუ საქართველოს ის უკრაინისადმი მტრულ სახელმწიფოდ განიხილავს და მხოლოდ მას შემდეგ მიაჩნია სწორად ამ ორი ქვეყნის ევროპასთან დაახლოება, რაც ბელარუსში დიქტატორი ლუკაშენკოს, ხოლო საქართველოში „რუსული ოცნების“ რეჟიმები შეიცვლება.
მართალია, სტატუსის მიღება-არმიღებასთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ საინტერესო ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ დავით არახამიამ უკრაინის რადაში ის კანონპროექტი წარადგინა, რომელიც საქართველოში „რუსულ კანონად“ მონათლეს და მის საწინააღმდეგოდ ლამის რევოლუცია მოაწყეს, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართული ოპოზიცია და ჩვენი ქვეყნის „დაუძინებელი მეგობრები“ პატარა საქართველოს ერთობლივად უკრძალავენ საკუთარი ინტერესების დამცავი ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც მიღებული აქვთ დიდ ქვეყნებს“ - წერს ნანა კაკაბაძე facebook-ზე.