31-10-2023
სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს - ამან სხვადასხვა ვიზიტის დროს მისი საუბრის შინაარსი კიდევ ერთხელ გვაჩვენა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ CBS-სთან ინტერვიუში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ კითხვისას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
პაპუაშვილის განმარტებით, აღნიშნული განცხადებით, „გარდა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ფორმალურად არღვევდა, ის შინაარსობრივადაც ეწეოდა საქმიანობას, რომელიც მიმართულია 78-ე მუხლის წინააღმდეგ“.
„ამ განცხადებით, ერთი რომ, რა თქმა უნდა ,მას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს და მეორე, ამან სხვადასხვა ვიზიტის დროს მისი საუბრის შინაარსი კიდევ ერთხელ გვაჩვენა. ასეთ რაღაცებს თუ საუბრობს ის, დახურულ კარს მიღმა, ალბათ, კიდევ უფრო მეტს საუბრობს, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი აღიარება იყო იმისა, რომ გარდა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ფორმალურად არღვევდა, ის შინაარსობრივადაც ეწეოდა საქმიანობას, რომელიც მიმართულია 78-ე მუხლის წინააღმდეგ",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიზანი არაა, სალომე ზურაბიშვილი დაარწმუნოს იმაში, რომ მათ სურთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, არამედ ის, რომ ამაში ქართველი ხალხი დარწმუნდეს.
„ჩვენი ამოცანა არ არის სალომე ზურაბიშვილი დავარწმუნოთ. ჩვენი ამოცანაა, დავარწმუნოთ ქართველი ხალხი და ჩვენი ამ დარწმუნებით, ქართველმა ხალხმა 2020 წელს ჩვენს საარჩევნო პროგრამას მისცა ხმა, რომლის მთავარი მიზანი ევროკავშირში წევრობა განაცხადის გაკეთება იყო. სწორედ, ამ მთავარ საარჩევნო მიზანს ვასრულებთ, იმ დანაპირებს, რომელიც მიცემული გვქონდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია CBS- თან ინტერვიუში, კითხვაზე, არის თუ არა დაინტერესებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირში გაწევრიანებით, პრეზიდენტი პასუხობს, რომ „ეს ის კითხვაა, რომელსაც მთელი მოსახლეობა სვამს, მართლა უნდა თუ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავს მხარდაჭერას“.