31-10-2023
შარშან თვითმიზანი იყო კანდიდატის სტატუსის მიღება, ამ დონეზე საუბრობდნენ [რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები], ახლა, თითქოს არაფერი არ არის. რატომ შეიცვალა ნარატივი? იმიტომ რომ გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან პარალელი ადვოკატის პროფესიასთან გაავლო და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სწორი ტაქტიკის შედეგად კანდიდატის სტატუსის მიღებას ის პირები შეეცდებიან, რომლებიც ცდილობენ, ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს.
„ჩემი წარსული პროფესია იცით. ადვოკატებს, ჩემს ყოფილ კოლეგებს ემართებათ ხოლმე ასეთი რაღაც: იშრომებენ, იწვალებენ, დაცვის ტაქტიკას, გეგმას, პოზიციას სწორად დაალაგებენ ხოლმე, შედეგს მიაღწევენ კონკრეტულს და როგორც კი შედეგს მიაღწევენ, მერე სხვები იბრალებენ და რიგ შემთხვევაში, ვინც პირიქით მუშაობდა, იბრალებს, ჩვენ დავრეკეთ სადღაც და “დავალაგეთ” ეს ამბებიო. ამ მდგომარეობაში ვართ ახლა ჩვენ.
[სტატუსის მიღება] სწორი ტაქტიკის დამსახურება იქნება: საქართველო ღირსეულად დადგა, ვგულისხმობ ნებისმიერ ჩვენს პოზიციას, ყველა წინა განცხადებას“ - აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, თუ ქვეყანაში პოზიტიური მოვლენა მოხდება, ხალხის და იმ ხელისუფლების დამსახურება იქნება, რომელიც ხალხმა აირჩია.
„ქვეყანა ღირსეულად, თავის ადგილზე რომ დადგა, ასეთ ქვეყანას აფასებენ ევროპელები და ამაშია ევროპულობა, რომელიც ღირსებაზე დგას, ქრისტიანულ საწყისებზე დგას, დემოკრატიაზე დგას, უფლებებზე დგას და არა იმაზე, რასაც თქვენი პარტია გვიქადაგებს. შესაბამისად, ნებისმიერი პოზიტიურის დამსახურება, არის იმ ხელისუფლების, რომელიც მართავს ქვეყანას იმ პერიოდში, როდესაც კონკრეტული შედეგები იდება და რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის, რომლის არჩეულებიც ვართ ჩვენ და ეს გავიწყდებათ ხოლმე“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.