2-11-2023
"ენჯეოებიც" ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი: უცხადებდნენ ევროკომისიას, რომ მხოლოდ ორი პუნქტი იყო შესრულებული, უცხადებდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ახლა უწევთ განსხვავებული მესიჯებით გამოსვლა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილი მიმართვის შეფასებისას განაცხადა, სადაც ხელმომწერი ორგანიზაციები ქართველი ხალხისთვის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.
კობახიძის შეფასებით, არასამთავრობოების მცდელობა, ხელოვნურად გამიჯნონ ერთმანეთისგან ხალხი და ხელისუფლება, მათ ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე მეტყველებს. მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სტატუსს ხელისუფლება და ხალხი ერთად იღებს.
"რაც შეეხება ნარატივს, რომ აქეთ არის ხელისუფლება, იქით - ხალხი, ესეც მიანიშნებს მათ ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე. როდესაც ხდება ასე ხელოვნურად ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნა, ეს არის ერთი: აბსურდული განცხადებები და მეორე - ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მათ მუდმივად სურთ, სახელმწიფო გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ, უხეშად რომ ვთქვათ, არავინ "ჭამს" ამას. არც ჩვენი უცხოელი პარტნიორები მიიღებენ ასეთ აბსურდულ მესიჯებს და ვერც ქვეყნის შიგნით გაიყიდება ეს მესიჯები. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც სტატუსს იღებს ქვეყანა, ამ სტატუსს იღებს ხელისუფლება ხალხთან ერთად და ხალხი ხელისუფლებასთან ერთად- ეს ყოველთვის ასეა, ქვეყანას ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.