3-11-2023
2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.6 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.4 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (7.0 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.9 პროცენტი) ჯგუფებზე; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაზრდილია 1.3 პროცენტით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (1.4 პროცენტი) და ალკოჰოლურ სასმელებზე (1.1 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე:
საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.4 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.8 პროცენტი), ისე ალკოჰოლური სასმელების (6.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 4.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (9.9 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.2 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2 პროცენტიანი კლება, რაც -0.42 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-24.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-8.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (15.3 პროცენტი), თევზეულზე (6.9 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (6.0 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.9 პროცენტი).