8-09-2018
რუსი სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკოსის, პავლე ფელგენგაუერის განცხადებით, 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომის დროს, რუსული არმია როგორც აფხაზებს, ისე ქართველებს ერთნაირად ეხმარებოდა.
ეს განცხადება ფელგენგაურერმა "რადიო თავისუფლების" ეთერში გააკეთა.
"აფხაზეთში პირველად მაშინ ჩავედი, როცა ახალ ათონში, სტალინის აგარაკზე ერთმანეთს ბორის ელცინი, ედუარდ შევარდნაძე და ვლადისლავ არძინბა შეხვდნენ. ბორის ელცინს, პრინციპში, ორივეს შერიგება სურდა, იმპერიული საგარეოპოლიტიკური პოზიციით: „ბიჭებო, რა გაქვთ გასაყოფი? შერიგდით“. მაგრამ უშედეგოდ. მართალია, ერთ ხანს ედუარდ შევარდნაძემ ბორის ელცინთან შეთანხმებას მიაღწია და რუსებმაც აფხაზებზე სერიოზული ზეწოლა მოახდინეს, რომ ქართველებისთვის გალის რაიონი მიეცათ. საქმე კინაღამ აფხაზებისა და რუსი სამხედროების ომამდე მივიდა, სიტუაცია მათ შორის ძალიან იყო გამწვავებული. სწორედ მაშინ გუდაუთაში ჩვენი საბრძოლო ვერტმფრენები გადაისროლეს. მახსოვს, ერთ-ერთ მფრინავს ვესაუბრებოდი და მან მითხრა: „ადრე ფიუზელაჟზე წითელ ვარსკვლავებს საღებავს ვუსვამდით და ქართულ ჯარებს ვბომბავდით, ახლა კი მეუბნებიან, „გაფრინდები და აფხაზებს დაბომბავო“. ბათუმიდან რუსეთის არმიის ნაწილები ჩამოვიდნენ, თავიანთი ფორმებით და რუსული დროშებით, ქართველებიც მათთან ერთად არიანო“.
ბორის ელცინს ეს ამბები მაინცდამაინც არ აინტერესებდა, მას სხვა ბევრი პრობლემაც ჰქონდა. პრეზიდენტს კავკასიური საქმეები არ იზიდავდა. გარკვეულ პერიოდებში ამით დაკავებულნი იყვნენ სხვადასხვა პირები - სერგეი შახრაი, სერგეი ფილატოვი და სხვები. მათი უფლებამოსილება ჩრდ.კავკასიაზე ვრცელდებოდა, მაგრამ იყო სამხრეთკავკასიური მომენტებიც. გარდა ამისა, მოქმედებდა ქართული ლობიც - იმდროინდელი ცნობილი ადამიანები, აკადემიკოსები... საერთოდ, მაშინ ბევრი კავკასიელი ლობისტობდა - აფხაზებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებიც... ასე რომ, ბორის ელცინს რაიმე მტკიცედ ჩამოყალიბებული სტრატეგია არ ჰქონდა. „მოდით, შევარიგოთ“ - ამით ამოიწურებოდა ყველაფერი. ცხადია, იყო რაღაც იმპერიული იდეები ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენისა - ყველა ისევ ერთად დავაბრუნოთო, მაგრამ ამ იდეას, დღევანდელისაგან განხვავებით, იმ დროს განვითარება არ ჰქონია"-განაცხადა ფელგენგაუერმა.
P.S. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NEWSPRESS.GE