გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირი და GITA ახალი პროექტით მხარს უჭერენ ტექნოლოგიური სექტორის გაძლიერებას საქართველოში

4-11-2023

საქართველოში ტექნოლოგიური სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის დაფინანსებული ახალი პროექტის Do IT with the EU გახსნითი ღონისძიება გაიმართა.


ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს, საზოგადოებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერილი ახალი პროექტის წარდგენა და საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, 500-მდე IT სპეციალისტისა და საერთაშორისო IT კომპანიისთვის, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და IT სექტორის გლობალური სტანდარტების მიმართულებით, საჭირო ინტელექტუალური რესურსის გაზიარება წარმოადგენდა.


მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.


„პროექტი Do IT with the EU საქართველოს ტექნოლოგიური განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი მთავარი მიზანი, როგორც გახსნით ღონისძიებაზე იქნა აღნიშნული, ინოვაციების აქტიური ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების ზრდაა ქვეყანაში",- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.


„მსგავსი ინოვაციური ღონისძიებები ხელს უწყობს არა მხოლოდ პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, არამედ საერთაშორისო IT კომპანიებისა და შესაბამისი ორგანიზაციების ჩართულობის ზრდას საქართველოს გაციფრულების გზაზე“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციითვე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიურ სფეროში მიმდინარე სიახლეები და ვაკანსიები.


„მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ დაანონსებულ პროგრამებს, შეხვედროდნენ საერთაშორისო IT კომპანიის წარმომადგენლებსა და მეტი ინფორმაცია მიეღოთ სფეროში არსებული ვაკანტური ადგილების შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ, GITA-ს წარმატებული სტარტაპები და პარტნიორი ორგანიზაციები.


ღონისძიებას ესწრებოდა 500-მდე ადგილობრივი IT სპეციალისტი, საერთაშორისო IT კომპანიების EPAM და DataArt, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.


Do IT with the EU პროექტის მიზანია, ინოვაციისა და სამუშაო ადგილების ზრდის ხელშეწყობა საქართველოს IT სექტორში. პროექტის ფარგლებში, 2 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდება მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა მეცნიერება, Cloud სერვისები, პროექტის მენეჯმენტი და სხვა. 1000 IT სპეციალისტს მიეცემა საშუალება მოიპოვოს საერთაშორისო სერტიფიკატი, 300 IT-ის კი მიეცემა დასაქმების უნიკალური შესაძლებლობა, რათა გახდნენ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე.


პროექტი Do IT with the EU, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში IT სექტორის ტრანსფორმაციას მსოფლიო დონის სტანდარტების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების განსაკუთრებული შესაძლებლობების შექმნის გზით, ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს იმპლემენტაციით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930