8-09-2018
აფხაზეთის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა ჩაითვალოს და 10-დან 15 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს – აფხაზეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ასეთი შესწორება პირველი მოსმენით მიიღო.
ქმედებები, რომლებიც კანონის ამ მუხლის მიხედვით დაისჯება, ამგვარად არის ფორმულირებული: „უცხოეთის ქვეყნისთვის აფხაზეთის მთელი ტერიტორიის გადაცემა, ან აფხაზეთის ტერიტორიიდან მისი ნაწილების ჩამოცილება“.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის დევნა გავრცელდება უცხო ქვეყანასთან, უცხოურ ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების ნებისმიერ დონეზე წარმართვისთვის, სადაც საუბარი შეეხება სუვერენიტეტის ისეთ შეზღუდვებს, რაც აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ზიანს მიაყენებს.
ამგვარი ქმედებები დაისჯება თავისუფლების ხუთიდან ათ წლამდე აღკვეთით – სამ წლამდე ვადით გარკვეული საქმიანობით დაკავების ან გარკვეულ თანამდებობებზე ყოფნის უფლების ჩამორთმევით.
კიდევ ერთი პუნქტი ეხება აფხაზეთის სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის მოპოვებას, შეგროვებასა და შენახვას მომავალში უცხო ქვეყნისთვის, უცხოური ორგანიზაციის ან მისი წარმომადგენლებისთვის გადაცემის მიზნით. დანაშაულის ეს სახეობა თავისუფლების10-დან 15 წლამდე აღკვეთით დაისჯება.
სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ამ ცვლილებებს საბოლოოდ ალბათ 2018 წლის შემოდგომისთვის მიიღებენ.
„აქამდე კანონმდებლობა მხოლოდ აფხაზეთის, როგორც ფაქტობრივად სუვერენული სახელმწიფოს, არსებობის შეუძლებლობის გარანტიას იძლეოდა – საერთო სახალხო რეფერენდუმის გზითაც კი. არსებობს საგანგებო საკონსტიტუციო კანონი, რომელიც ამგვარი საკითხის რეფერენდუმზე დაყენებას კრძალავს, და ასევე კრძალავს აფხაზური ენის სტატუსის გადახედვასაც. ახლა კი ამგვარი მცდელობებისთვის სისხლის სამართლის სასჯელიც დაემატება“, — უთხრა JAMnews-ს საკონსტიტუციო სამართლის იურისტმა თამაზ ქეცბამ.
16-11-2024
16-11-2024