10-11-2023
„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ამერიკული და ევროპული, ისევე როგორც ქართველი ინვესტორების ინტერესის ზრდას საქართველოსადმი. განსაკურებით აღსანიშნია, რომ მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ბიზნესისთვის საინტერესოა. მათ უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ თანამონაწილეობა მიიღონ ყველა ამ პროექტში დაგეგმარების, შესრულებისა თუ შემდგომ ოპერირების ეტაპებზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.
მინისტრის მოადგილემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის 2023 წლის სამი კვარტლის შედეგები გააცნო. შეხვედრა გახსნა ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა.
თავის პრეზენტაციაში, მინისტრის მოადგილემ ტურიზმის სექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2023 წლის სამ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი - 3.3 მილიარდი აშშ დოლარი დაფიქსირდა. მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით კი ქვეყანამ 5.6 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც 2019 წლის მონაცემების 76.9%-იანი აღდგენაა.
მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ საერთაშორისო შეჯიბრების შესახებ, რომლებიც ქვეყნის ზამთრის კურორტებზე - გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე გაიმართება. მისი თქმით, 2023 წელს ბაკურიანში წარმატებულად ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.
მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება სამოქალაქო ავიაციის აღდგენის პროცესზე. მაგალითად, 2023 წლის საპროგნოზო მონაცემების თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს მგზავრების რეკორდულს ოდენობას - 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წლის განმავლობაში რეკორდულად ბევრ მგზავრს მოემსახურება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც, რომლის მგზავრთნაკადის ოდენობა 650,000-ს მიაღწევს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, კერძოდ, 2024 წლიდან თბილისის ახალი აეროპორტის პროექტის განხორციელება დაიწყება, შედეგად, ქვეყანა მიიღებს რეგიონში საუკეთესო, საერთაშორისო კლასის აეროპორტს, რომელიც იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა ქუთაისისა და თელავის აეროპორტების რეკონსტრუქციაზეც.
დასასრულს, მინისტრის მოადგილემ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრების შეკითხვებს უპასუხა.