გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ფრთხილად! თაღლითური ჯგუფები გააქტიურდნენ - როგორ იფორმებენ თაღლითები ბანკის მოვალეთა ბინებს?

9-09-2018

უფლებადამცველი ლევან ცალუღელაშვილი მოქალაქეებს თაღლითური ჯგუფების გააქტიურების შესახებ აფრთხილებს და სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს:


„კრიმინალი და თაღლითური ჯგუფების გააქტიურება, ვფიქრობ, პირდაპირპროპორციულია ხელისუფლების შნოსთან ან პირიქით - უნიათობასთან.

2008-2009 წლებში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების თუ დაუხვეწავი კანონმდებლობის "წყალობით", პირდაპირ, პოლიციის "უკაზით" ატოვებინებდნენ მოქალაქეებს სახლებს და ამ დროს ეს ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, კანონშიჩახედული თაღლითების მსხვერპლნი იყვნენ. კანონი კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილების უაპელაციოდ აღსრულებას მწვანე შუქს უნთებდა. აი, მაშინ იყო თუ იყო... ვინ აღარ შექმნა ეს არბიტრაჟები და არცთუ მაღალი კვალიფიკაციის ზოგიერთი იურისტი არბიტრად მოგვევლინა და ადამიანის ერთადერთი სახლის ბედი გადაწყვიტა. არაერთი მაშინდელი არბიტრი, მახსოვს, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშიც კი მიეცა. 2010 წლიდან კანონი დაიხვეწა თითქოს, მაგრამ მანამდე, იმ საარბიტრაჟი გადაწყვეტილებით დაზარალებულმა მოქალაქეებმა სამართალი ვერ იპოვეს და დღემდე ჰგონიათ რომ წართმეულ ქონებას დაიბრუნებენ.
კანონში ჩახედული თაღლითური ჯგუფების გააქტიურება დღესაც შეინიშნება, თუმცა იმ განსხვავებით რომ მათ ტაქტიკა შეცვალეს.


უწინ თუ იპოთეკურ სესხებზე დებდნენ ფსონს და კანონი არ კრძალავდა პროცენტის ოდენობას, შეეძლოთ 10 და 15%-შიც გაეცათ სესხი და კარგად "ევახშათ" თუ "ევახშმათ" - კანონმა პროცენტის ზედა ზღვარი დაუწია ძირს და ახლა მათ დაბალპროცენტიანი იპოთეკა აღარ აწყობთ და ხეირს ვეღარ ნახულობენ.


მაგრამ ჰოი, დიდო ტვინო თაღლითთაო, მოიფიქრე რამე ახალი... ზე აღაპყრეს თვალნი თაღლითებმა და მათ წინაშე ერთი კარი თუ დაიხურა, მეორე გაიღო...


ახლა აკეთებენ ასე: ადამიანს, ვისაც ბანკის ვალი აქვს, სთავაზობენ "დახმარებას" - თავად უფარავენ ვალს, მაგრამ უფორმებენ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებას. ანუ ახალი მესაკუთრე იმავე ბინის უზრუნველყოფით იღებს სესხს სხვა ბანკიდან და "ისტუმრებს" ყოფილი მესაკუთრის ბანკის ვალს, რომლისგანაც ბინა "შეიძინა".


ოღონდ, ვალსაც გააჩნია. თუ ვალი აქვს ადამიანს 18000 და ბინა ღირს 50 000 რატომ არ უღირს, გახდეს 50 000 -იანი ბინის მესაკუთრე და იახდოს მხოლოდ 18000 ვალი. ძველ მესაკუთრეს კი ეუბნებიან რომ მისი ვალი დაფარეს და მალე თავიანთ ბინას უკან დაუბრუნებენ. ამ "მალე"-ს კი ბოლო არ უჩანს. დაზარალებული საბოლოოდ რჩევისთვის მაინც იურისტს აკითხავს, მაგრამ ხშირად უკვე გვიანია ხოლმე.
ამიტომ სახელმწიფომ რაც უნდა კანონი შეცვალოს, "სუფთად" მოქმედი თაღლითები, სამწუხაროდ, იმ ახალი კანონის პირობებშიც ნახულობენ "გამოსავალს". ამიტომ - ფრთხილად, მეგობრებო!“ - წერს ლევან ცალუღელაშვილი.




alia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930