14-11-2023
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ხულიგნობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 ნოემბერს, თბილისში, „რატის ბარის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ,ხულიგნური ქვენა გრძნობით დანით ორ დაზარალებულს დაზიანებები, მათ შორის ერთ-ერთს სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა. ასევე ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად მესამე დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით) 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით.