15-11-2023
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა, რომელთაც ახალგაზრდა თაობაში უნივერსიტეტის პოპულარიზაციისა და სკოლის მოსწავლეების თსუ-ში მოზიდვის ხელშესაწყობი რამდენიმე იდეა შესთავაზეს თსუ-ის რექტორს.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, თსუ-ის სტუდენტების თქმით, რომლებიც, ამავე დროს, „საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის“ წევრებიც არიან, ორგანიზაცია ხელს უწყობს სოციალური, პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებებით დაინტერესებული ახალგაზრდების განათლებას და მათ განვითარებას.
„ჯაბა სამუშია მიესალმა ორგანიზაციაში თსუ სტუდენტების სტაჟირების უკვე არსებულ პრაქტიკას, ასევე, თსუ-ს სტუდენტების მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის პროექტებში. რაც ხელს უწყობს სტუდენტების ცოდნისა და პრაქტიკული კომპეტენციების სრულყოფას. თსუ რექტორმა მხარი დაუჭირა სტუდენტების საქმიანობას უნივერსიტეტის პოპულარიზაციის, ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების და მათთვის შესაბამისი ცოდნისა და უნარების გაღრმავებისთვის.
შეხვედრას თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა ესწრებოდა. დეკანის თქმით, „საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი“ აქტიურად თანამშრომლობს ფაკულტეტთან და ბევრ სტუდენტს აძლევენ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართვისა და სტაჟირების შესაძლებლობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.