17-11-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროფესორ ალექსანდრე კუხიანიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გახსნა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საიუბილეო ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა ალექსანდრე კუხიანიძის წვლილზე პოლიტოლოგიის მიმართულების განვითარებაში.
რექტორის თქმით, მის სამეცნიერო შემოქმედებას ბევრი იცნობს, ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაიწყო ქვეყანაში პოლიტოლოგიის, როგორც სამეცნიერო მიმართულების შემოტანა.
“ჩვენს უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის სწავლების განვითარებაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თავდაპირველად მისი მონაწილეობით დაიწყო სახელმძღვანელოებზე მუშაობა”, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
რექტორის ინიციატივით, უნივერსიტეტი გამოსცემს 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კრებულს, რომელშიც როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების სამეცნიერო სტატიები შევა, ასევე, გამოიცემა მისი შრომები.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ აღნიშნა, სამეცნიერო კონფერენციისთვის შეირჩა თემა, რომელზეც ალექსანდრე კუხიანიძე მუშაობს.
„მან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ფაკულტეტისთვის და ბევრი სტუდენტი აღზარდა. იმედი მაქვს, კიდევ ძალიან ბევრი წელი ემსახურება ჩვენს ახალგაზრდებს“, - განაცხადა სალომე დუნდუამ.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროფესორმა ალექსანდრე კუხიანიძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების სტუმრებს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და მოხსენება „დემოკრატია და კრიმინალური სახელმწიფო“ წაიკითხა.
„სამეცნიერო კონფერენცია “დემოკრატიზაცია და უსაფრთხოება კორუფციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურისა და პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა.
სამეცნიერო კონფერენციის თემა იყო დემოკრატიზაცია და უსაფრთხოება კორუფციისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. მასში მონაწილეობდნენ თემაზე მომუშავე მკვლევრები და პროფესორები. ასევე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. საკონფერენციო სტატიები გაივლის რეცენზირებას და კრებულის სახით გამოქვეყნდება.
კონფერენციაზე მოხსენება წაიკითხა პროფესორმა ლუიზ შელიმ, ტერორიზმის, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრის დამფუძნებელმა და დირექტორმა (ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, აშშ) თემაზე: "კორუფციისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის გლობალური აღზევება"“, - ნათქვამია ინფორმაციაში.